ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ბანკი შვეიცარიულ და კვიპროსულ ბანკებთან კონკურენციას გეგმავს
29 დეკემბერი, 2017, 14:16
საქართველოს ბანკი შვეიცარიულ და კვიპროსულ ბანკებთან კონკურენციას გეგმავს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი შვეიცარიულ და კვიპროსულ ბანკებთან კონკურენციას გეგმავს. სამიზნე რეგიონის მაღალშემოსავლიანი სეგმენტია, რომლებიც დანაზოგს სხვადასხვა ბანკებს ანდობენ.  ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ  ამ დანაზოგის ნაწილის საქართველოში გადმომისამართება შესაძლებელია. 2018 წლის მთავარ ფოკუსში კიდევ რამდენიმე მიმართულებაა: აქტიური დიჯიტალიზაცია, საცალო მომსახურების ტრანსფორმაციის დასრულება და ბანკისთვის ახალი აქციონერების მოზიდვა.

კახა კიკნაველიძე 2018 წელს პოზიტიური მოლოდინით ხვდება და ბიზნესსაც პროაქტიულობისკენ მოუწოდებს.

2017 სტაბილიზაციის წელი იყო

კახა კიკნაველიძე: საქართველოს ეკონომიკისთვის 2017 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. 2015-2016 წლების განვითარებადი ქვეყნების კრიზისის და ვალუტების გაუფასურების შემდეგ, წელს, შეიძლება ითქვას, სტაბილურობის პერიოდი დადგა.  მთელ რეგიონში მაკროეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდა და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველომ ამ რეგიონში კიდევ ერთხელ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. 2017 წელს საქართველოში 5%-იან ზრდას ველით, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არა მხოლოდ კარგ წლებში, არამედ კრიზისულ პერიოდებშიც  უფრო სწრაფად იზრდებოდა. 2015-2016 წლებში ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 2.5-3%-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც ამ რეგიონის ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია იყო. 2017 წელს ცალსახად პოზიტიურად ვაფასებთ, იმედი მაქვს ეს სტაბილურობა  2018 წელს კიდევ უფრო გამყარდება.  

ლიბერალური რეჟიმი ზრდის კატალიზატორია

-ბოლო წლებში  რეგიონთან შედარებით საქართველოს  უფრო სწრაფი ზრდის მთავარი ამოხსნა ქვეყნის ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკაა. საქართველოში  არ არის  შეზღუდვა კაპიტალის შემოსვლა/გასვლაზე, არ არის კონტროლი ვალუტის კურსზე, გაცილებით ნაკლებია ბიუროკრატიისა და კორუფციის დონე, რომლის მიხედვით საქართველო ევროპულ ქვეყნებს გაუტოლდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში, ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-9 ადგილზე გავედით დიდი მიღწევაა და არის დამამტკიცებელი იმისა, რომ საქართველო გამოირჩევა ამ რეგიონის ქვეყნებისგან. ჩვენ ქვეყანაში ფულის დაბანდება გაცილებით კომფორტულია როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ, 2017 წელს,  ეკონომიკის სწრაფი ზრდა გამოწვეულია საკმაოდ ჯანსაღი ფაქტორებით- ეს არის ექსპორტისა და ტურიზმის ორნიშნა რიცხვით ზრდა და აღსანიშნავია, რომ  ეს უკანასკნელი უკვე ყალიბდება ქვეყნის წამყვან დარგად. რეგიონის სტაბილურობის შედეგად, ქვეყანაში გადმორიცხული ტრანსფერები ასევე ორნიშნა რიცხვით გაიზარდა. საგარეო სექტორის სტაბილიზაციამ და შიდა ეკონომიკურმა გარემომ განაპირობა ის, რომ წელს 5%-იან ზრდას ვუმიზნებთ და მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ იგივე მაჩვენებელზე გავალთ.

საქართველოს ბანკის წარმატებული წელი

-საქართველოს ბანკი სისტემური ბანკია და ჩვენი წარმატება გამორიცხულია საქართველოს ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს გარეშე. ის რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარებაა, საქართველოს ბანკისთვისაც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა. შემაჯამებლად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკს საკმაოდ კარგი წელი ჰქონდა. საცალო საბანკო საქმიანობის სექტორში, რომელიც ჩვენი პორტფელის დიდ წილს შეადგენს ბევრი ცვლილები მოხდა. მომავალ წელს დავასრულებთ  ტრანსფორმაციას, რომელიც 2016 წელს დავიწყეთ და ნიშნავს მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული მომსახურების შეთავაზებას. ტრანსფორმაციის შედეგად ჩვენ შემოვიღეთ უნივერსალური ბანკირის მცნება, რომელიც უკეთესად სწავლობს მომხმარებლის მოთხოვნილებებს და ამ მოთხოვნილებებზე მორგებული ნებისმიერი პროდუქტის შეთავაზება შეუძლია. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტებიდან მომხმარებელზე ფოკუსირებული საბანკო სერვისის გადაწყობა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ასევე პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა ჩვენს მიერ წელს შემოღებულ ახალი ფორმატის ფილიალებსაც.

ლოიალურობის პროგრამა PLUS-ს, რომელიც ამ წლის ივნისში დაინერგა, უკვე 550 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩვენმა კლიენტებმა კარგად გაითვიცნობიერეს PLUS -ის  უპირატესობები. ამ მიმართულებით მომავალ წელსაც გვაქვს გეგმები. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი მობილური ბანკის შეთავაზება გავაკეთეთ წელს და ვთვლი, რომ ნახტომისებური პროგრესი იყო წინა ვერსიასთან შედარებით.

გაგრძელდა მნიშვნელოვანი ზრდა SOLO -ში. წელს გამოვაცხადეთ SOLO კლუბი, რომელიც კიდევ უფრო მაღალ  სეგმენტს ემსახურება  და ამასთან ერთად, დავიწყეთ  American Express –ის პლატინიუმის ბარათების გაცემა - ექსკლუზიური შეთავაზება საქართველოში.  

კორპორატიულ სეგმენტში დავამთავრეთ სამი წლის წინ გამოცხადებული პორტფელის დეკონცენტრაციის პროცესი და მომავალ წელს, ვფიქრობთ, განახლდება ზრდა ამ სეგმენტში, მათ შორის მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსების მიმართულებითაც.

ლარიზაცია - 2017 წლის მთავარი ტრენდი

-წლის შეჯამებისას აღსანიშნავია საქართველოს ბანკის მიერ ივნისში გამოშვებული 500 მილიონი ლარის მოცულობის სამწლიანი ევროობლიგაციები. ეს ისტორიული ტრანზაქციაა - პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოურმა საინვესტიციო ფონდებმა სამწლიან პერსპექტივაში ქართული ლარის ინვესტიციას ამ მასშტაბის ნდობა გამოუცხადეს. ეს პირველ რიგში ქვეყნის გასაგები ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგია და ნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველია საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური გეზი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრანზაქციამდე ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპიდან არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია.

ვფიქრობ, ლარის ევროობლიგაციებმა არამარტო საქართველოს ბანკის, არამედ მთელი სისტემისთვის ლარის მოზიდვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და წვლილი შეიტანა ლარიზაციის პროცესში, რომელიც ეროვნული ბანკის  და მთავრობის პრიორიტეტია. აღვნიშნავდი, რომ მაკროეკონომიკური კუთხითაც 2017 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ლარიზაციის პროცესი იყო, კერძოდ,  წელს საბანკო სექტორის მთლიან პორტფელში დოლარში გაცემული სესხების წილი 8 პ.პ -ით, 57%-მდე  შემცირდა.

ეს პოზიტიურია როგორც ბანკებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის.  სტაბილურობის მატარებელია, როდესაც სესხი გაიცემა იმავე ვალუტაში, რომელშიც მომხმარებელს  აქვს შემოსავალი.  ლარიზაციის პროცესში ყველაზე დიდი შემზღუდველი ფაქტორი ლარის რესურსის ნაკლებობაა. პროცესი გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, რთული იქნება იმ ტემპით გაგრძელდეს რაც 2017 წელს მოხდა, თუ დეპოზიტების მხარესაც  ლარიზაციის პროცესი არ აჩქარდა.

დიდი გაყოფა

BGEO ჯგუფის გაყოფა საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად ჩვენი კომპანიისთვის წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და საქართველოში ამ მიმართულებით ანალოგი არ არსებობს. სამეთვალყურეო საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ როგორც საბანკო, ასევე საინვესტიციო მიმართულებისთვის პერსპექტივა უფრო დიდი იქნებოდა, თუ ეს ორი მიმართულება დამოუკიდებლად განაგრძობდა განვითარებას. ვფიქრობთ, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში გაყოფა დასრულდება ყველა დონეზე - საბანკო და საინვესტიციო მიმართულებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კვეთა არ ექნებათ და აქციონერებიც ამ მიმართულებით გაიყოფიან. დღეს აქციონერს თუ უჭირავს BGEO ჯგუფის აქცია, ის მიიღებს საქართველოს ბანკის აქციას და საინვესტიციო ჯგუფის აქციას და თავად გადაწყვეტს თუ რა მოცულობით და რა პროპორციით განახორციელოს ინვესტიცია თითოეული მიმართულებით. ბევრი აქციონერისგან მომისმენია, რომ ეს არჩევანი კიდევ უფრო გაამარტივებს პროცესს, რათა მათ გააკეთონ უკეთესი ანალიზი ამ ორი მიმართულების. ეს, ბანკს საშუალებას მოგვცემს ის ინვეტორებიც მოვიზიდოთ, რომლებსაც მხოლოდ საბანკო სექტორში უნდოდათ ფულის დაბანდება. რაც შეეხება ბანკის პერსპექტივას, თუ მაკროეკონომიკური ვითარება საქართველოში სტაბილური იქნება, ამაში კი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორმა თავის როლი უნდა ითამაშოს, საბანკო სექტორის და საქართველოს ბანკის განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდია. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება მომავალ წელს დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ საქართველოს ბანკი დარჩება მიმზიდველ საინვესტიციო ინსტრუმენტად.

საქართველო რეგიონის ფინანსური ცენტრი

-პოზიტიურად ვუყურებთ 2018 წლის პერსპექტივებს. რითეილის მხრივ, მომავალ წელს ალბათ, დავასრულებთ ტრანსფორმაციას, ვფიქრობ, მთავარი მიმართულებით ბევრი იდეები გვაქვს, თუმცა ეს არ იქნება რევოლუციური. გვექნება ახალი  შეთავაზებები,  SOLO-ს თუ  ლოიალურობის პროგრამის განვითარების  კუთხით. ასევე, არის  ორი მიმართულება, რომლებზეც აქცენტს გავაკეთებთ: დიჯიტალიზაცია და აქტივების მართვის მიმართულება. პირველს რაც შეეხება გარდაუვალია საქართველოშიც იგივე ტენდენციები არ განვითარდეს, რაც დასავლეთშია და გაცილებით მეტი მომხმარებელი გადავა ციფრულ არხებზე, რისთვისაც  ვემზადებით და ვავითარებთ ჩვენს ციფრულ არხებს. რაც შეეხება აქტივების მართვას, საქართველოს და საქართველოს ბანკს აქვს ყველა წინაპირობა, რომ გახდეს რეგიონალური ფინანსური ცენტრი, მთელს რეგიონში, ხოლო მაღალშემოსავლიანმა მომხმარებლებმა კომფორტულად იგრძნონ თავი საქართველოში დანაზოგის შენახვისას. აქ კონკურენცია უფრო საერთაშორისო მასშტაბით განისაზღვრება და გარკვეულწილად ჩვენი კონკურენტები არიან რეგიონალური, ასევე შვეიცარიული და კვიპროსული ბანკები, სადაც ამ კლინეტებს უკვე აქვთ წვდომა.  ეს მრავალწლიანი პროცესი იქნება და დიდ სამუშაოს მოითხოვს, თუმცა დღეს უნდა დავიწყოთ, რომ პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ.

სებ-ის და BOG -ის ინტერესების თანხვედრა

-მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. 3-4 წლის წინ საქართველოში ულტრალიბერალური რეგულაციები გვქონდა, დღეს რეგულაციები ვთვლით, რომ რჩება ლიბერალურად, თუმცა ამავე დროს მიმართულება არის დასავლური ქვეყნებისკენ. ეს ალბათ უფრო მეტ სამუშაოს მოითხოვს ჩვენი მხრიდან, რომ პროაქტიულად  ვითანამშრომლოთ ეროვნულ ბანკთან. უნდა შევქმნათ ის კომფორტი, რომ მომხმარებელმა აბსოლუტურად გათვითცნობიერებულად აირჩიოს პროდუქტები. ამ მხრივ მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ სისტემური ბანკი ვართ და მნიშნველოვანი წვლილი უნდა შევიტანოთ ფინანსური განათლების გაღრმავებაში.  ეროვნული ბანკის და ჩვენი ინტერესები ამ მიმართულებით აბსოლუტურ თანხვედრაშია.

საბანკო სექტორი გაცილებით უფრო კონკურენტულია, ვიდრე ამის აღქმა ბაზარზეა

-რაც შეეხება მომავალი წლის საბანკო სექტორის კონტურებს, დიდ ცვლილებებს არ ველოდები, თუმცა ლიბერთი ბანკში მფლობელები შეიცვალა და იმის მიხედვით თუ რა გეგმები აქვს ახალ აქციონერს ლიბერთი ბანკის განვითარების მხრივ, შესაძლოა ამ ბანკის შეთავაზებების საკმაოდ მნიშვნელოვანი გააქტიურება მოხდეს. ზოგადად, ვფიქრობ, საბანკო სექტორი გაცილებით უფრო კონკურენტულია, ვიდრე ამის აღქმა ბაზარზე არის და ვიდრე ბევრი სხვა სექტორია ქვეყნის ეკონომიკაში. მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ სესხის საშუალო განაკვეთი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 5%-ით შემცირდა. თუ შევხედავთ შეთავაზებებს, როგორც დეპოზიტების, ასევე დაკრედიტების მხრივ, დავინახავთ რომ კონკურენცია გაცილებით უფრო ფართოა ვიდრე ორ მსხვილ ბანკს შორის. ბანკების გარდა არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სულ უფრო და უფრო აქტიურობენ კორპორატიულ ბაზარზე დაკრედიტების სფეროში. ამასთან, ვითარდება და აუცილებელია კიდევ უფრო განვითარდეს ობლიგაციების ბაზარიც და ამ პროცესში საქართველოს ბანკი და ჩვენი საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

2018 წელს მინდა ...

მინდა თქვენ მკითხველს მივულოცო 2018 წელი, ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული და წარმატებული წელი. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ჩვენი მოლოდინით 2018 წელი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე 2017. მინდა ვისურვო უფრო მეტი ენთუზიაზმი, აქტიურობა, როგორც ბიზნესის მხრივ, ასევე განათლების მხრივ. სულ ვამახვილებ ყურადღებას სამ ელემენტზე, რომელიც  ვფიქრობ წარმატების საწინადარია: განათლება, შრომა და დაზოგვის კულტურა, რასაც საქართველოში პროაქტიულად უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები