| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Panasonic - ეს კომპანია უკვე დიდი ხანია შევიდა ელექტროტექნიკის წარმოების მსოფლიო ლიდერების ათეულში და თავისი პოზიციის დათმობას არც აპირებს. საუბარია Panasonic -ზე, რომლის ბრენდული სახელითაც მრავალფეროვანი ელექტროდანადგარები და საყოფაცხოვრებო ნივთები იწარმოება.
კომპანიის დამფუძნებელი და იდეის სულის ჩამდგმელი იაპონელია - ბიზნესმენი კონოსუკე მაცუშიტა, რომელიც 1917 წელს, 24 წლის ასაკში საკუთარი საწარმოს გახსნის გადაწყვეტილებას იღებს. მცირე ნაქირავებ ოთახში კონოსუკემ ცოლთან და ცოლისძმასთან ერთად დაიწყო ჩამრთველებისთვის ე.წ „ჩანგლების“ დამზადება, მუშაობდნენ დღეში 18 საათი, დადიოდნენ კარიდან კარზე და თავადვე ყიდდნენ პროდუქციას. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ შეკვეთებსაც დიდი ხალისით იღებდნენ. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა შეკვეთამ იხსნა მათი მდგომარეობა - კონოსუკეს ელექტროვენტილატორებისთვის 1000 დეტალი უნდა დაემზადებინა. ხარისხიანმა და დროულად შესრულებულმა სამუშაომ მეწარმეს პირველი სერიოზული მოგება მოუტანა, რომელიც პირდაპირ საჭირო საქმეში ჩაიდო. ასე ჩამოყალიბდა კომპანია „მაცუშიტა ელექტრიკი“, რომელიც მომავალში Panasonic -ის სახელწოდებით გახდება ცნობილი.
შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, დამატებითი შესაძლებლობების ძიება და პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზები - ესაა ის თვისებები, რითაც კომპანიამ თავის არნახულ წარმატებას მიაღწია. საინტერესოა ერთი ისტორია: ერთხელ ერთ-ერთ ჟურნალში კონოსუკემ ველოსიპედების სანათების შესახებ ამოიკითხა და მაშინვე შეუდგა იდეის განხორციელებას და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი თავდაპირველად სკეპტიკურად განეწყო ამ იდეის მიმართ, მეწარმემ მაინც შეძლო გაეტანა პირველი პარტია. რეაქციამაც არ დააგვიანა - ველოსიპედის ფანრებმა იმდენად ფართო პოპულარობა მოიპოვა, რომ ხალხმა მათი ყიდვა სათავსოების გასანათებლადაც დაიწყო . მაცუშიტამ საპასუხოდ სახლის სამაგიდე სანათების წარმოება დაიწყო, რომლებმაც იმ წუთასვე ჩაანაცვლა ნავთის სანათები. ელექტროსანათთან ერთად მსოფლიოში ახალი ბრენდი - „ნაციონალი“ - გაჩნდა.
„მაცუშიტა ელექტრიკის“ პოპულარობა იმდენად მზარდი იყო, რომ 20-იან წლებში ის უკვე 8 ქარხანას ფლობდა, სადაც ათასობით მუშა სხვადასხვა პროდუქციის წარმოებით იყო დაკავებული. იწარმოებოდა ელექტროსანათები, ფანრები, ველოსიპედის სანათები, ელექტროგამათბობლები, უთოები.
მაცუშიტას დამოკიდებულება საზოგადოების მიმართაც განსაკუთრებული იყო. ის თვლიდა, რომ სწორედ ხალხმა მისცა მას საქმე და ის ვალდებულია, თავისი საქმით განავითაროს საზოგადოება. ზუსტად ამ დამოკიდებულებამ გააძლებინა კომპანიას დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ბიზნესი არის ხალხი - ეს იყო კონოსუკეს დევიზი და სწორედ ეს დევიზი ეხმარებოდა მას რთულ დროს.
30-იან წლებში, როდესაც იაპონია ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა და თითქმის ყველა მსხვილი საწარმო იძულებული გახდა, შეემცირებინა შტატები, მაცუშიტამ არცერთი თანამშრომელი არ გაათავისუფლა. მან მიაგნო სრულიად განსხვავებულ გამოსავალს - თითოეული თანამშრომლის სამუშაო დრო ორჯერ შეამცირა და შესთავაზა, დარჩენილი დრო საწყობში არსებული მარაგის რეალიზაციაში გამოეყენებინათ. 8 თვის განმავლობაში მადლიერმა თანამშრომლებმა საწყობის მთლიანი მარაგი გაყიდეს, კომპანია კი ამით მხოლოდ მოგებული დარჩა. „მაცუშიტა ელექტრონიკსზე“ მოთხოვნილება დღითიდღე იზრდებოდა. დამფუძნებელმა მსოფლიო არენაზეც სცადა ბედი და გადაწყვიტა პროდუქცია ისევ „ნაციონალის“ სახელით გაეყიდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ასეთი ბრენდი უკვე იყო რეგისტრირებული და რადგანაც იმ დროისთვის კომპანიის ძირითადი აქცენტი აუდიოპროდუქციაზე კეთდებოდა, სახელწოდებაც თავისთავად მოვიდა - Panasonic, ანუ ბერძნულად „მთლიანი ხმა“. მოგვიანებით ამ სახელწოდებით დაიწყეს ყველა სახის პროდუქციის წარმოება - ველოსიპედებიდან მიკროტალღურ ღუმლებამდე. 50-იან წლებში Panasonic -მა დაიპყრო აშშ, მექსიკა და კანადა, ხოლო 60-იან წლებში ევროპაშიც შეაღწია.
1959 წელს მაცუშიტამ გადაწყვიტა დაეტოვებინა კორპორაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. მისმა გადადგომამ Panasonic -ის გავლენა მსოფლიო ბაზარზე აშკარად შეასუსტა. 60-იან წლებში ტელე და აუდიო აპარატურაზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად გაიზარდა და მას კონკურენციას ამერიკისა და ევროპის მეწარმეები უწევდნენ. მიუხედავად მაღალი ხარისხის პროდუქციისა, Panasonic მაინც პროდუქციის გასაღების ძველმოდური სისტემით მუშაობდა. დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ მაცუშიტა ისევ დაუბრუნდა მმართველის ადგილს, ხოლო მისმა ნოვატორულმა მიდგომამ კომპანია მალევე გამოიყვანა კრიზისიდან და ელექტროდანადგარების გაყიდვებში ისევ ლიდერად აქცია.
Panasonic -ის აქტიური განვითარება 70-იან წლებამდე გაგრძელდა, როდესაც 80 წლის კონოსუკე უკვე საბოლოოდ წავიდა ხელმძღვანელის თანამდებობიდან. დღესდღეობით კომპანიას ისევ ურყევი პოზიციები აქვს ელექტროპროდუქციის ბაზარზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ტექნოლოგიების განვითარების მხრივ.
კონოსუკე მაცუშიტას მიერ ჩადებული პრინციპები და იდეები კვლავ განსაზღრავენ კომპანიის განვითარების მიმართულებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss