| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეს შვეიცარული ბრენდი, რომლის სახელითაც მაჯის საათები და აქსესუარები იწარმოება, უკვე დიდი ხანია ფუფუნებასა და სიმდიდრესთან მტკიცე ასოციაციას იწვევს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომპანია “როლექსის” დამფუძნებელი არც მესაათე და მითუმეტეს, არც შვეიცარიელი ყოფილა.
ჰანს ვილსდორფი - წარმოშობით ბავარიელი, თავდაპირველად მარგალიტით მოვაჭრე ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამშრომელი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ სკოლის მეგობრის კომპანიაში გადავიდა, რომელიც შვეიცარული საათების ექსპორტით იყო დაკავებული - ასე მოხვდა ვილსდორფი შვეიცარული საათების მექანიზმის ლეგენდარულ სამყაროში.
მაგრამ როგორც ჩანს, სხვის კომპანიებში მუშაობა ვილსდორფისთვის სახარბიელო არ გამოდგა და გადაწყვიტა, თავადვე ჩამოეყალიბებინა საკუთარი საწარმო, რომლის საქმიანობა ასევე საათების ექსპორტი იქნებოდა. თავის სიძესთან, ალფრედ დევისთან ერთად მან დააფუძნა ჯიბის საათების მომწოდებელი კომპანია, რომელმაც ბინა ლონდონში დაიდო და „ვილსდორფ ენდ დევისი“ დაირქვა. საათების მექანიზმს შვეიცარიელები აწარმოებდნენ, მაგრამ მზა პროდუქციას W&D წარწერა ედებოდა.
მაგრამ ვილსდორფი მაჯის საათების დამოუკიდებლად წარმოებაზე ოცნებობდა და 1905 წელს W&D -ის პირველი ასეთი მდიდრული მოდელებიც გაჩნდა - ოქროს ან ვერცხლის სამაჯურებით. პროდუქციამ კონსერვატორი ბრიტანელების გემოვნება დააკმაყოფილა - კომპანიას წინ დიდი წარმატება ელოდა.
1908 წელს ვილსდორფი კომპანიას ახალ, უბრალო, ეფექტურ და დასამახსოვრებელ სახელს არქმევს, რომელიც ნებისმიერ ენაზე ადვილად წარმოსათქმელი იქნება - ასე ჩნდება სახელწოდება როლექსი. ამ სიტყვის ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, მიიჩნევა, რომ ეს უბრალოდ ასოთა ერთობლივი უაზრო ნაკრებია. როგორც თავად ვილსდორფი ამბობდა - ერთ დილით, ლონდონში სეირნობისას მას ყურში „როლექსი“ ჩაესმა. ასეა თუ ისე, 1915 წელს სახელი დაპატენტდა და 1919 წელს „როლექს ვოთჩის“ სახელით შეიცვალა.
საათების წარმოებისას ძირითადი აქცენტი ხარისხზე, სვლის სიზუსტესა და ექსკლუზიურობაზე კეთდებოდა. 1910 წელს ბაზარზე გაჩნდა აქამდე შეუძლებლად მიჩნეული ქრონომეტრის სტატუსიანი საათები, 1926 წელს საზოგადოება წყალგაუმტარმა „როლექსმა“ გააოცა. მოცურავემ - მერსედეს გლაიტცემ ლა მანშის სრუტე მაჯაზე „როლექსის“ საათით გადაცურა - მექანიზმი წყალქვეშ 10 საათიანი ყოფნის შემდეგაც იდეალურად მუშაობდა. 1945 წელს შემოვიდა საათები თარიღისა და ციფერბლატის ავტომატური შეცვლის რეჟიმით, 1956 წელს კი კვირის დღეების შეცვლის შესაძლებლობით.
1919 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთში ლითონების იმპორტზე დიდი გადასახადების დაწესების გამო, ვილსდორფი შვეიცარიაში გადავიდა და ბრენდს სახელი რამდენჯერმე შეუცვალა. დღეს საათები Rolex SA -ის სახელით იწარმოება.
“როლექსის” პოპულარობა იმდენად დიდია, რომ გაყალბებული ასლებიც ყველა ზღვარს სცდება, ყალბი “როლექსის” პროდუქციით ვაჭრობენ ყველგან - ინტერნეტ სივრცესა თუ ქუჩაში, დახლებზე, ზოგიერთ შემთხვევაში ასლი იმდენად ხარისხიანია, რომ ორიგინალისგან გარჩევა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია საათის კორპუსის გახსნისა და მექანიზმის დათვალიერების შემდეგ.
“როლექსი” მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბრენდების ასეულში შედის. ესაა ერთადერთი კომპანია, რომელიც დღეში 2000 ცალ საათს აწარმოებს. მას მიეკუთვნება ისეთი ცნობილი საათების ბრენდები, როგორიცაა “ტიუდორი” და “ჩელინი”.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss