| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "რაკია ჯორჯიას" ყოფილ გენერალურ დირექტორს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაუსწრებლად 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატ გელა მიქაძეს 17 მილიონი დოლარის მითვისებას ედავებიან. მასთან ერთად პატიმრობა მიესაჯა ხატერ მასაადს და გიორგი ჯანაშიას. საქმე ფოთის პორტსა და კომპანია რაისტარ ტრეიდს შორის შეთანხმების გაფორმებას და შემდეგ მის ანულირებას ეხება.
„ფაქტობრივად, გავიგე დღეს, ტელევიზიის მეშვეობით და აღმოჩნდა, რომ დღეს, 2017 წელს, 7 წლის მერე, საქმე რაღაც აწარმოეს და მეორე მხარეს, ფაქტობრივად, წერილიც არ გამომიგზავნეს,“ - ციტირებს რუსთავი 2 გელა მიქაძეს, რომელიც თავს უდანაშაულოდ ცნობს.
დეპუტატის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულადაა მიღებული.
„ასეთი რამ მსოფლიოს იურისპრუდენციას არ ახსოვს საერთოდ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა საემიროს ემირმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება თავის ოთახში და გამოიტანა განაჩენი,“ - განაცხადა გელა მიქაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის სექტემბერში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, გელა მიქაძე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო სამსახური ირწმუნებოდა, რომ გელა მიქაძემ, როგორც შპს „რაკიინ დეველოპმენტი"-ს დირექტორმა, საწარმოს დამფუძნებლების, არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, 2011 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მართლსაწინააღმდეგოდ, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება ,,ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი''-ზე, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადააფორმა 16 940 000 ლარის ღირებულების შპს ,,რაკიინ დეველოპმენტი''-ს 8.47%-იანი წილი. მანვე, როგორც შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია''-ს დირექტორმა, 2011 წლის 30 აგვისტოს და 2012 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მართლსაწინააღმდეგოდ მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება ,,მენლაინ პროჯექთს ელ-ელ-ფი''-ზე სიმბოლურ ფასად, ასევე 1 ლარად გადააფორმა 30 000 000 ლარის ღირებულების შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია''-ს 15%-იანი წილი და 3 300 000 აშშ დოლარის ღირებულების შპს „რაკია საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონ"-ის 15%-იანი წილი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2008 წლის 18 ივნისს, შპს „რაკიინ დეველოპმენტ"-სა და შპს „მთაწმინდის პარკს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება მთაწმინდის პარკის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, რომლის შესაბამისადაც, შპს „რაკიინ დეველოპმენტმა" 2008-2011 წლებში თბილისის მთაწმინდის პარკში განახორციელა დიდი ოდენობით ინვესტიცია. 2012 წლის 3 მაისს მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შპს „თბილისის პარკს" მართვის უფლებით გადაეცა მთაწმინდის პარკი, რის სანაცვლოდაც, აღნიშნულ შპს-ს 12 000 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. გელა მიქაძის მითითებით, შპს ,,თბილისის პარკი''-ს მიერ გადმორიცხული 6 000 000 დოლარიდან 5 700 000 დოლარი გადარიცხული იქნა გ.მიქაძის გამგებლობაში არსებული კომპანიების კომანდიტური საზოგადოება „ბესფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი"-სა და შპს ,,ლაბეი დეველოპმენტი''-ს საბანკო ანგარიშებზე, იმის ნაცვლად, რომ ზემოთხსენებული თანხა გადარიცხულიყო შპს ,,რაკინ დეველოპმენტ''-ში. აღნიშნული ქმედებებით, გ. მიქაძემ არაბული საინვესტიციო კომპანია რაკიინის 52 385 000 ლარის ღირებულების წილები და ფულადი თანხა 5 700 000 აშშ დოლარი მიითვისა.
დავა სასამართლოში მიმდინარეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss