| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბოლო პერიოდში, რითეილერების გახშირებული ფინანსური პრობლემების ფონზე, სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ გლდანის ობიექტის დახურვამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა - ხომ არ გაიზიარებს „სმარტი“ სხვა ქსელების ბედს. რატომ შეცვალა „ვისოლ ჯგუფმა“ რითეილ ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რა არის ბიზნესში მთავარი და რა გეგმები აქვს ერთ-ერთ უმსხვილეს ჯგუფს საქართველოში - GBC-ის „ვისოლის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ესაუბრა.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია „სმარტის“ გლდანის ობიექტის დახურვაზე, რა ცვლილებებია ქსელის განვითარების სტრატეგიაში?
-„სმარტი“, ისევე როგორც ჩვენი 9-ვე სხვადასხვა ბრენდი, ძალიან გვიყვარს, მაგრამ ბიზნესმენები ვართ და ჩვენთვის მთავარი ამოცანაა რამდენად ფინანსურად წარმატებულია, ანუ რა ფინანსური შედეგი მოაქვს ამა თუ იმ კომპანიას. ბიზნესში წარმატება ნიშნავს ერთადერთ რამეს- ფინანსური თვალსაზრისით წარმატებულ შედეგს. ვნახეთ, რომ 4 წლის განმავლობაში შევქმენით ბრენდი, რომელიც მომხმარებელს უყვარს და დღეს „სმარტი“ ყველამ იცის საქართველოში, მაგრამ ამავე დროს, ვნახეთ, რომ მცირე ფორმატის მაღაზიებში მოგება შეუდარებლად მაღალია, ვიდრე დიდ ფორმატებში. ბუნებრივია გარკვეული დროის მანძილზე დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ეს ბიზნეს მიმართულება განვავითაროთ იმ ფორმატში, სადაც ვიღებთ სამართლიან შემოსავალს და სამართლიან მოგებას, სწორედ ამას უნდა აკეთებდეს ბიზნესი.
გვაქვს უძრავი ქონების კომპანია „ემ პი დეველოპმენტი“, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბიზნესია. ამ კომპანიას გააჩნია 160-ზე მეტი, სხვადასხვა ტიპის კომერციული უძრავი ქონება საქართველოში და ეს კომპანია, მათ შორის, ანვითარებს სავაჭრო ცენტრებს სხვადასხვა ქალაქებში. ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი წელს გაიხსნება ბათუმში, 7000 კვ. მეტრზე, სადაც 3 600 კვ. მეტრზე გათვალისწინებულია სუპერმარკეტის განთავსება და რადგან ახალი კონცეფციით, რომელიც „ვისოლ ჯგუფმა“ დაამტკიცა 2016 წელს, „სმარტის“ მიზნებისთვის შეუსაბამოა ამ ზომის სუპერმარკეტი, დავიწყეთ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები Carrefour-თან. მათთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და Carrefour-ი იქნება ჩვენი მთავარი არენდატორი ბათუმში. გარდა ამ ბრენდისა, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება ჩვენი ბრენდებიც - „ვენდისი“ და „დანკინ დონატსი“, ასევე კომერციული ბანკი, რომელთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, სააფთიაქო ქსელი, ტექსტილის, აქსესუარების, წიგნების მაღაზიები და სხვა საცალო ვაჭრობაში ჩართული ბრენდები.
ანალოგიურია მიდგომა გვაქვს გლდანის სავაჭრო ცენტრთან, რომელიც ასევე „ემ პი დეველოპმენტის“ კუთვნილებაშია, აქ „სმარტის“ ობიექტი 2600 კვ. მეტრს იკავებდა და არ იყო მომგებიანი. ჩვენი მიდგომაა, რომ არცერთ შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტს არ შევინახავთ თუ სამართლიან მოგებას არ მივიღებთ და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან ცივი, რაციონალური მიდგომა ბიზნესისადმი და ეს არის წარმატების ერთადერთი გზა. ვნახეთ, რომ ჩვენი პატარა მაღაზიები, თუნდაც ყვარელში, რომელიც არის „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე არის მომგებიანი და გლდანის დიდი ობიექტი წამგებიანი. ზემოთ აღნიშნულის გამო, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება.
როგორ ფიქრობთ, რატომ შეძლებს Carrefour-ი ობიექტის მომგებიანად მართვას და არა „სმარტი“, ბრენდის გამო?
„სმარტის“ ბრენდის ღირებულება საკმაოდ მაღალია საქართველოში. ყველა კომპანიას აქვს თავისი ნიშა - „სმარტი“ გათვლილია საშუალო სეგმენტზე და აქ ჩვენ ძალიან ძლიერი პოზიცია გვიჭირავს. ჩვენი არსებული 15 მაღაზიიდან 60%-ზე მეტი საშუალო ფორმატის არის და ამ ობიექტებში გვაქვს კარგი, სამართლიანი მოგება. ამ ზომის მაღაზიებში საქართველოში არ არის სხვა სუპერმარკეტი, რომელსაც იმ მოცულობის ბრუნვა ჰქონდეს, როგორც აქვს „სმარტის“ საშუალო ზომის სუპერმარკეტებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, სადაც არის ჩვენი ნიშა, სადაც შეგვიძლია უფრო კარგად ვიყოთ წარმოდგენილი და გვქონდეს დადებითი ფინანსური შედეგი, იქ გავაძლიეროთ ბიზნესი. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ემოციებით გადაწყვეტილებას ბიზნესში არ ვიღებთ, ამიტომ ყოველთვის დავხურავთ იმ ობიექტს, რომელსაც მოგება არ მოაქვს და გავხსნით სხვას. ქსელის განვითარება გრძელდება, წელს „სმარტის“ მინიმუმ სამი ახალი ობიექტი გაიხსნება, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, როგორიც იყო ჩვენი თავდაპირველი კონცეფცია.
დარჩენილი დიდი ფორმატის ხუთი მაღაზიიდან რომელიმეს შეინარჩუნებთ? საუბარია, რომ დახურავთ რუსთაველზე მდებარე სუპერმარკეტსაც?
ჯერ ზუსტად არ ვიცით, ეს სამუშაო პროცესია. „სმარტი“ მოგებული დარჩა გლდანის სუპერმარკეტის გაყიდვით. ასევე მოგებული დარჩა ჩვენი უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ფლობს ამ სავაჭრო ცენტრს. ჩვენი სავაჭრო ცენტრი უფრო მეტად დატვირთული იქნება, რადგან დიდ ფორმატში ოპერირება სწორედ Carrefour-ის ნიშაა. „სმარტი“, როგორც ეს დასტურდება კიდეც, წლების მანძილზე მიღებული ისტორიული ციფრებით, ძლიერია საშუალო სუპერმარკეტების ფორმატში და როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ბრენდი ამ ფორმატში გააგრძელებს განვითარებას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენ არც მომხმარებელთან, არც საზოგადოებასთან დასამალი არაფერი არ გვაქვს, თუ გადავწყვეტთ რომ დავხუროთ რომელიმე მაღაზია, დავხურავთ და სხვა ადგილას უფრო პატარა მაღაზიას გავხსნით. ჩვენი ამოსავალი წერტილია - სამართლიანი ფინანსური შედეგი, მოგება, ზარალზე ბუნებრივია არ ვიმუშავებთ.
რაც შეეხება „დანკინ დონატსის“ ქსელს, ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?
„დანკინ დონატსის“ ქსელში 17 ობიექტია და ძალიან კარგ შედეგზე გავედით. როგორც დაანონსებული იყო 35 რესტორანი იქნება საქართველოში, მათ შორის რამდენიმე ობიექტი წელს გაიხსნება.
მინდა გკითხოთ ავტობანზე ახალი მინი ქალაქის მშენებლობაზეც, რა ეტაპზეა ეს პროექტი?
ავტობანზე კომპლექსი- ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბიზნესია. თერჯოლასთან გარკვეულ სამუშაოებს საფუძველი უკვე ჩავუყარეთ, მომავალ წელს გაიხსნება ძალიან საინტერესო, სავაჭრო ობიექტი - უფრო სწორად დასვენების და მომსახურების კომპლექსი.
როგორი იქნება არქიტექტურა?
არქიტექტურაში გამოყენებული იქნება მეტ-ნაკლებად იგივე ფორმები, უბრალოდ, ისეთი წახნაგოვანი და მაღალი არ იქნება, როგორც გორის ობიექტი, მაგრამ ერთიანი არქიტექტურული სტილი შენარჩუნდება. ახალი კომპლექსი უფრო მარტივი და დახვეწილი იქნება, თუმცა იმ ანსამბლში ჩაჯდება რომელიც წარმოდგენილია გორში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ობიექტი, ეს არის სახე ჩვენი ქვეყნისა. გორის ობიექტში, რომელიც გახსნის დღიდან ძალიან წარმატებულად მუშაობს, 40% უცხოელი მომხმარებელია, ისევე როგორც უცხოეთში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მგზავრობისას ჩვენ ხშირად გვიწევს ამ ტიპის ობიექტებში გაჩერება. ბევრი მსგავსი ობიექტი მინახავს უცხოეთში ყოფნისას და გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვა, რომ გორის ობიექტი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. ძალიან ბევრი დადებითი კომენტარიც გვაქვს მიღებული როგორც ქართველებისგან ასევე უცხოელებისგან, ძალიან გვიხარია, რომ ვაგრძელებთ ამ პროექტის განვითარებას და კიდევ უფრო საინტერესო იქნება ახალი კომპლექსი. როგორც აღვნიშნე, ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილიც, გაიზრდება ჩვენი სავაჭრო ობიექტების ზომაც, იმიტომ, რომ ფაქტია არსებობს მზარდი მოთხოვნა ამ სერვისზე.
რა ინვესტიცია იდება პროექტში?
ციფრს ზუსტად ვერ გეტყვით. ეს მინი ქალაქია. მაგრამ ძალიან სამართლიანი ეკონომიკური შემოსავალი და მოგება მოაქვს. გახსნის პირველივე დღიდან ძალიან კარგად მუშაობს. გორს რომ არ გაემართლებინა, თერჯოლაში ახალი კომპლექსის მშენებლობას ხომ არ დავიწყებდით,
გორში რატომ დაიწყეთ, მაშინ ხომ იყო რისკი, რომ პროექტს არ მოეტანა შემოსავალი და მოგება
თუ გაბედული ნაბიჯები არ გადადგი ისე ბიზნესს ვერ გააკეთებ. ბიზნეს 100 ადამიანიდან 100-ვე არ აკეთებს, ხომ? ადამიანები, რომლებიც ბიზნესში საქმიანობას გადაწყვეტენ საკუთარ თავზე ძალიან დიდ რისკებს იღებენ. თუ რისკებს არ აიღებ, მეწარმედ ვერ ჩამოყალიბდები. არ ვიცი მსოფლიოში ისეთი ბიზნესი, რომელიც არ იყოს რისკთან და ამ რისკის საკუთარ მხრებზე აღებასთან დაკავშირებული. გორის ობიექტი რასაკვირველია, სარისკო იყო ჩვენთვის. ასეთი ტიპის პირველი სავაჭრო ინფრასტრუქტურა იყო საქართველოში, კონკრეტული გათვლები გვქონდა, მაგრამ რამდენად გაამართლებდა ეს ობიექტი, თან წელიწადის სხვადასხვა დროს ეს არ ვიცოდით. მაგრამ შედეგი არის ის, რომ წელიწადში 365 დღის განმავლობაში ძალიან კარგად მუშაობს და გადავწყვიტეთ თერჯოლაშიც გავაკეთოთ კიდევ უფრო დახვეწილი, ერგონომიულად გამორჩეული დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი.
დაანონსებულია ახალი გზების მშენებლობა/რეკონსტრუქცია, თქვენც ხომ არ ფიქრობთ ამ გზებზე მსგავსი ობიექტების ქსელი შექმნათ?
რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მის განვითარებაზეც ვფიქრობთ.
ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდასაც რომ შევეხოთ, უკვე 2 თვეა გაზრდილი აქციზის პირობებში გიწევთ ოპერირება, აისახა თუ არა ფასების ზრდა რეალიზაციაზე?
იანვარი და თებერვალი ნაკლებად აქტიურ თვეებია. გაუარესებას ვერ ვგრძნობთ. შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რომ ფასის ზრდის მიუხედავად საწვავი ისეთი პროდუქტია, რაზეც მოთხოვნა რჩება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია დინამიკაში დავაკვირდეთ პროცესს და 6 თვის შედეგები შევაჯამოთ. უნდა შევადაროთ იმპორტის სტატისტიკა და ჩვენი გაყიდვები. აქციზის გავლენას დღეს ვერ ვგრძნობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ასე გაგრძელდება. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ პროფიციტია ბიუჯეტში, ეს ყველაზე მთავარი ფაქტორია ლარის გამყარებისთვის და თუ აქციზის გაძვირებამ ბიუჯეტის შევსებას და პროფიციტის შექმნას თავისებურად შეუწყო ხელი და ამან ლარი გაამყარა, კარგია ასე, რომ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის აქციზის ზრდა, როგორც საწვავის ყველაზე მსხვილი რეალიზატორისთვის სახარბიელო არ იყო, ჩვენთვის გასაგები იყო მთავრობის ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ იყო ეს ჩვენთვის მომგებიანი გადაწყვეტილება, მაგრამ მაკროეკონომისტი ვარ და გასაგებია, რომ იყო გარკვეული პრობლემები ბიუჯეტში და დეფიციტური ბიუჯეტი მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე აქციზის ზრდა. ქვეყანამ უნდა ხარჯოს იმდენი, რამდენი შემოსავალიც აქვს. როცა ქვეყანა შემოსავალზე მეტს ხარჯავს, იღებს შიდა თუ საგარეო სესხებს, რაც ზეწოლას ახდენს ვალუტის კურსზე, შიდა სავალუტო ბაზარზე და კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას ბიზნესში და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში ლარის გაუფასურებით მიღებული ნეგატიური ეფექტი უფრო დიდი და მწვავე იყო, ვიდრე აქციზის მომატებით.
ამავე პერიოდში მოგების გადასახადის რეფორმაც ამოქმედდა, იყო წუხილი ბიზნესის მხრიდან რთულ ადმინისტრირებაზე, მოგვარდა ეს პრობლემები?
გარკვეული რეგულაციები კიდევ შესამუშავებელია. ბევრი სემინარი ჩატარდა ფინანსთა სამინისტროში და საბოლოო ჯამში, მეტ-ნაკლებად ეს საკითხი დალაგდა. მაგრამ აქ არის ერთი კონცეპტუალური მნიშვნელობის დეტალი- ქვეყანაში კაპიტალის დაგროვება არ მომხდარა ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც დავიწყეთ ახალი ქვეყნის შენება. წარმოიდგინეთ, ეს რეფორმა რომ ამოქმედებულიყო 5 წლის წინ, ძალიან ბევრ ბიზნესში მნიშვნელოვანი კაპიტალი დაგროვდებოდა, საუბარია ყოველწლიურად მილიონობით ლარზე. კაპიტალის დაგროვება იწვევს ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ა.შ, ძალიან დროული გადაწყვეტილება იყო და ეს უნდა შენარჩუნდეს, რამდენიმე წლის განმავლობაში, მინიმუმ 5-7 წელი მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეფექტი არ ექნება. ეს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. ინვესტორებს რომ ველაპარაკებით ჩვენ ხელს გვიწყობს ქვეყანაში არსებული საგადასახადო ბაზა. ეს ინიციატივა ნიშნავს დამატებით ინვესტიციებს და კომპანიების გამდიდრებას.
როგორია თქვენი ჯგუფის მოკლევადიანი გეგმები, ხომ არ განიხილავთ ახალ მიმართულებებში შესვლას?
-წავალთ კონსოლიდაციის, გამსხვილებების გზით. ჯერ კონკრეტულად არ ვფიქრობთ ახალ ბიზნესზე, თუმცა რაც გვაქვს, აქ სიახლეები გვექნება და ეტაპობრივად, გავაცნობთ საზოგადოებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss