ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტომაშ ტელმა: იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართ
ანა ცხოვრებოვა
8 თებერვალი, 2017, 16:55
ტომაშ ტელმა: იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართ

თბილისი (GBC) –  სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის განვითარება, ჰიდრო და ქარის ენერგია, ტურიზმი და აგროსექტორი - საერთაშოროსო საფინანსო კორპორაცია საქართველოში საქმიანობას აქტიურად აგრძელებს და პრიორიტეტულ პროექტებს გამოყოფს.  

გასულ კვირას IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ტომაშ ტელმა საქართველოში იმყოფებოდა და  ამ თემებზე IFC TV „მაესტროზე“, „ბიზენსკონტაქტთან“ ისაუბრა. GBC ამ ინტერვიუს გთავაზობთ:    

დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო გეპასუხათ ჩვენი კითხვებისთვის. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეთ მთავრობის წარმომადგენლებთან. რა საკითხები განიხილეთ?

ვინაიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოში უკვე 22 წელია რაც მუშაობს, განსახილველი საკითხები ყოველთვის ბევრია მათ შორის კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით. ამიტომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ძირითადად ვსაუბრობთ ჩვენს საქმიანობაზე, ვაჯამებთ მიღწეულ შედეგებს და განვსაზღვრავთ იმას, თუ რას ელოდება საქართველოს მთავრობა ჩვენგან უახლოესი პერიოდის განმავლობაში.

და რას ელოდება მთავრობა თქვენგან უახლოესი პერიოდის განმავლობაში?

გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ სამი ძირითადი მიზანი გვქონდა: გაგვეზარდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კერძო სექტორისთვის, გაგვეძლიერებინა საქართველოს კონკურენტუნარიანობა და ის სექტორები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები (მათ შორის, ტურიზმი, აგრობიზნესი) და მესამე, ხელი შეგვეწყო იმ დიდი პოტენციალის ათვისების პროცესისთვის, რაც საქართველოს გააჩნია ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ ნაწილში ბევრი ძალისხმევა დაიხარჯა მაგალითად, ჰიდროენერგეტიკული მიმართულების განსავითარებლად, თუმცა არანაკლები სხვა მიმართულებებზეც - ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე. ასე რომ საქართვლოს მთავრობას ბევრი იდეა აქვს, თუ როგორ გაზარდოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მნიშნველოვან პრობლემად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და არა მხოლოდ მათთვის. როგორ გეგმავთ ამ მხრივ თქვენი მხარდაჭერა გააძლიეროთ - ტრადიციული მიდგომით, რაც გულისხმობს ბანკების ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას რათა მათ შემდეგ სესხები გასცენ, თუ გაქვთ განსხვავებული მიდგომების დანერგვაც გეგმაში?

ქართულ ბანკებთან წლებია ვთანამშრომლობთ, ვუმტკიცებთ საკრედიტო ხაზს, რომლის მეშვეობით ისინი მცირე და საშუალო მეწარმეებს აფინანსებენ. ეს აქტივობა გაგრძელდება. ჩემი საქმიანობა მოიცავს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს და როდესაც შედარებას ვაკეთებ აშკარაა, რომ ქართული საბანკო სექტორი ამ რეგიონის ბევრი ქვეყნის საბანკო სისტემაზე ბევრად ძლიერია. თუმცა, ცხადია, გვაქვს სურვილი გავცდეთ საკრედიტო ხაზის დამტკიცების პრაქტიკასაც და ხელი შევუწყოთ კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მათ შორის თავად ფინანსური ინსტიტუტებისთვისაც. მაგალითად, საქართველოს ბანკის ჯგუფთან ერთად გამოვუშვით ევრობონდი და ეს ემისია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა გასულ ზაფხულს. განსავითარებელია ადგილობრივი ბაზარიც რისთვისაც საჭიროა არა მხოლოდ დოლარში, არამედ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება.

კაპიტალის ბაზარი ახსენეთ. ამჟამად საქართველოს მთავრობა მუშაობს კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, იცნობთ თუ არა ამ კონცეფციას და როგორ აფასებთ მას? საერთოდ, ფიქრობთ, რომ საქართველოს სჭირდება ან შეუძლია რეალურად განავითაროს კაპიტალის ბაზარი გამომდინარე ქვეყნის მცირე ზომიდან?

კაპიტალის ბაზრის შექმნა ყოველთვის ხანგრძლივი პროცესია, მათ შორის განვითარებულ და დიდ ბაზრებზეც. ამიტომ არ უნდა იყოს მოლოდინი რომ გარდამტეხი ცვლილებები ერთ დღეში მოხდება, თუმცა ნამდვილად ძალიან მნიშნველოვანია ბაზარი განვითარდეს კონკრეტული ინსტრუმენტებისთვის რომელთა გარეშე კაპიტალის ბაზარი ვერ იარსებებს - მათ შორის კორპორატიული ბონდები, კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები საფონდო ბირჟაზე. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში უცებ გაჩნდება დიდი სავალო ან სააქციო ბაზარი, მაგრამ სამაგიეროდ, უზრუნველყოფილი იქნება ქართული ან თუნდაც არაქართული  კომპანიების უფრო აქტიური ჩართულობა საფინანსო ბაზარზე. მაგალითად, საპენსიო რეფორმაც, რომელსაც მთავრობა გეგმავს და რომელსაც ასევე დასჭირდება გარკვეული დრო, დაეხმარება საინვესტიციო კაპიტალის წარმოქმნის პროცესს ბაზარზე ფინანსური ინსტიტუტებისთვის და მსესხებლებისთვის.

რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას საპენსიო რეფორმის ნაწილში რათა თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რომელთა წინაშე სხვა ქვეყნები დადგნენ მსგავსი რეფორმის განხორციელების პროცესში?

მე ვფიქრობ, ძალიან მნიშნველოვანია პროცესის გამჭვირვალობა და სიცხადე. როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება, გარკვეული პერიოდი უნდა გამოიყოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ მათი გაანალიზება და განხილვა შეძლოს, რადგან ეს საკმაოდ რთული რეფორმაა და აუცილებელია საზოგადოებას განემარტოს თუ როგორ აისახება სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები მათ საპენსიო დანაზოგებსა და მომავალზე. მსგავსი გამოცდილება დიდი რაოდენობით დაგროვდა სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის განვითარებად ბაზრებზეც, ასე რომ საქართველოს ბევრი მაგალითის განხილვა და გათვალისწინება შეუძლია იმის გადასაწყვეტად თუ რა შეიძლება გააკეთოს და რა - არა. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არიან მენეჯერები, რომლებსაც შეუძლიათ ეს რეფორმა ეფექტურად განახორციელონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა დეპოზიტების დაზღვევის დანერგვაზეა მიმართული, რომელშიც ასევე უწევთ გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას მთავრობას. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ეს სისტემა გვჭირდება?

დიახ, თქვენ ეს გჭირდებათ. ყოველთვის შეიძლება იმსჯელოთ იმაზე, თუ რა დონით და რა მოცულობის თანხებზე უნდა გავრცელდეს დეპოზიტების დაზღვევა, თუმცა მცირე მეანაბრეებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის განცდა, რომელსაც გამჭვირვალე სქემა უზრუნველყოფს. აქაც, საქართველოს უზარმაზარი გლობალური გამოცდილების და არაერთი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის რჩევების გათვალისწინება შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს სწორად, და დიახ, ის იქნება ეფექტური.

თუმცა საკმაოდ მტკივნეული საბანკო სექტორისთვის.

მე ასე არ ვფიქრობ, ეს არის სისტემა, რომელსაც ბანკები არაერთ ქვეყანში უმკლავდებიან და ეგუებიან. დიახ, ამას აქვს საკუთარი ღირებულება, მაგრამ თუ ბანკები სწორად ახდენენ საკუთარი რესურსების მართვას და ზედამხედველობაც სათანადოა, შეცდომის დაშვების რისკი და შესაბამისად, დანახარჯებიც ნაკლები იქნება. ეს სისტემა მეტ დისციპლინას სძენს როგორც საბანკო სექტორს, ისე მის რეგულატორს, მაგრამ ის ძალიან ძვირი არ დაჯდება.

IFC-ის თანამშრომლობის სამწლიანი სტრატეგია საქართველოსთან მიმდინარე წელს სრულდება და სავარაუდოდ უკვე მუშაობთ მომდევნო სტრატეგიაზე მომდევნო წლებისთვის. როგორი იქნება სამომავლო პრიორიტეტები?

გასული ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 1 მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოყო საქართველოსთვის და ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონში რიგით მეოთხეა. შემდეგი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტები ძირითადად იგივე დარჩება. უფრო მეტ რესურსს მივმართავთ ინფრასტრუქტურის განვითარებზე. ასევე, ვფიქრობ განსაკუთრებული მოთხოვნა ნარჩუნდება ენერგოსექტორში ინვესტირების მიმართულებაზეც. იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების იდეის მიმართ და ჩვენც ვიმუშავებთ ამ მიმართულებაზე. გარდა ამისა, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ გაიზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა ინვესტორებისთვის და ამისთვის ორიენტირი გვექნება ტურიზმისა და კერძო ჯანდაცვის სექტორებზე.

გაქვთ თუ არა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები შერჩეული, რომელთაც დააფინანსებთ საქართველოში უახლოეს მომავალში?

გარკვეული პროექტები უკვე მიმდინარეობს და დაგეგმილ პროექტებზე საუბარი არ შემიძლია სანამ ისინი არ გასაჯაროვდება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებული აქცენტი გვექნება ჰიდროენერგეტიკაზე და უკვე ქარის ენერგიაზეც. გვაქვს მომართვა რამდენიმე სატრანსპორტო პროექტის დაფინანსებაზე და ასევე პროექტებზე, რომლებიც ტურისტულ სექტორში ხორციელდება.

თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა. ბოლო პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელებულია, რაც აჩენს მოსაზრებას, რომ იკლებს ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესიც. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ინვესტორები კვლავაც დაინტერესდნენ ქვეყანაში ინვესტირებით? 

მინდა გითხრათ რომ თქვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი არც ისე ნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო ზრდის მაჩვენებლის ფონზე. 2017 წელს 5%-იან მაჩვენებელზე მეტი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი საკმაოდ სოლიდურია, თუმცა რა თქმა უნდა, ამას მიღწევა და შენარჩუნება სჭირდება. ასე რომ უნდა განავითაროთ ის მიმართულებები, სადაც საინვესტიციო პოტენციალი დიდია - ტურიზმი, აგრობიზნესი. მოძებნოთ ფინანსური ბაზრის განვითარების გზები, მოიზიდოთ ინვესტორები და რაც მთავარია უზრუნველყოთ, რომ ისინი თავს კარგად გრძნობდნენ, შესაბამისი სერვისების სწორად განვითარების გზით, რათა მათ საკუთარი პოზიტიური გამოცდილების შესახებ ამ ქვეყანაში შემდგომში სხვებსაც გააგებინონ. და ეს ეხება არა მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს, არამედ ადგილობრივ კომპანიებსაც და რესურსი საქართველოს ამ მიმართულებითაც კარგი აქვს.

დიახ, თუმცა ამისთვის ქვეყანაში უნდა იყოს ბიზნესისადმი მეგობრული გარემო, ნაკლები რეგულაციები. თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოში სწორედ ასეთი ბიზნეს გარემოა?

ერთია გქონდეს ნაკლები რეგულაციები და ეს საქართველოს შემთხვევაში სახეზე გვაქვს, ხოლო მეორე - გარემო იყოს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი. ამ პარამეტრებით საქართველოს კარგი მაჩვენებელი აქვს, მე-16 ადგილზეა Doing Business-ის რეიტინგში. ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა და კომპანიებს პრეტენზიები საერთოდ არ აქვთ, თუმცა სხვა ბაზრებთან შედარებით საქართველო ბიზნესის კეთებისა და ინვესტირების სიმარტივის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა. ჩვენთვის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისთვის თანამშრომლობა საქართველოსთან განიხილება, როგორც ძალიან წარმატებული და გვაქვს მეტი წარმატების მოლოდინი. შესაბამისად, გვაქვს დიდი სურვილი ქვეყნის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები