| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი იყო - „ახალი ტფილისი“ რომლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდა.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება - „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს, ასევე, დაწყებულია ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული ბაღების ერთმანეთთან დაკავშირება, ასე რომ, „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ერთ-ერთი მასშტაბური, ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისათვის, რომელიც 2017 წელს განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია კრწანისი-შინდისის სრულიად ახალი გზა, ასევე, პუშკინის ესტაკადა, სამება-მახათას გზა. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქში არსებულ ხიდებს, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. მათ შორის, ბარათაშვილის ხიდს, გულიას და ა.შ. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ქუჩებს, მათ შორის, ბარნოვის ქუჩას, ნუცუბიძეს, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზას და ა.შ.
მერმა ავტობუსების განახლების პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა, რომ 2017 წლის აპრილში, ჯამში 143 ერთეული MAN-ის ავტობუსები შეემატება თბილისს. გაანხლდა მოსაცდელები, ასევე 2017 წლიდან თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა. მოდერნიზება უტარდება მეტროს ვაგონებსაც.
თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა და 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება გამწვანებას, თბილისის მერის განცხადებით, მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ცენტრსა და შემოგარენში, ჯამში 180 000 ხე-მცენარე დაირგო, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული.
„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა, ასევე, სკოლამდელი აღზრდა-განათლების სფეროში გადადგმული ნაბიჯები. 2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ნაწილიც მიმდინარეა, ნაწილის კი უახლოეს ხანებში დაიწყება.
2017 წელს ახალი ბაღები გაიხსნება კრწანისში, ჩუღურეთის რაიონში, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, სამგორის რაიონში, თემქაზე, სოფელ დიღომში, სოფელ წინუბანში და საბურთალოზე. ამასთან, მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება : დიდუბეში, გლდანში, 2 ბაღის მშენებლობას დავიწყებთ დიდ დიღომში, 2 ბაღი აშენდება ნაძალადევში, ასევე, ახალი ბაღი აშენდება ჩუღურეთის რაიონში და საბურთალოზე. აღვადგინეთ დახურული ბაღები და გავხსენით ახალი ჯგუფები უკვე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რამაც ბაღების ნაწილში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოგვცა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო-ნაგებობების კუთხით დაგეგმილ დიდ პროექტებს, თბილისის მერის თქმით, 2017-ში დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვ. დავით ნარმანიას თქმით, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც თბილისში ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.
გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, გაგრძელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, 2017-ის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, ასევე, რაგბის ახალი კომპლექსი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო. 4 ჰა ტერიტორიაზე ოთხი მოედანი განლაგდება. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. კომპლექსი მასშტაბურია და 2017 წელს თბილისი უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა თამაშების ერთ ნაწილს.
„პროექტების ბოლოს კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გუშინ საკრებულომ განიხილა და მიიღო ქვენორმატიული ცვლილებების პაკეტი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივ გადასახადებსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს შეეხებოდა. შესაბამისად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, შესაძლებელი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით 52,3 მლნ ლარის მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss