| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დეფლაციური წნეხი და მშპ-ს დაბალი ზრდა არ მიუთითებს ეკონომიკის კარგ მდგომარეობაზე - აცხადებს “კავკასიის ბიზნეს ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკის მთავარ პრობლემას სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს და არა ლარის გაცვლითი კურსი.
“დეფლაციური წნეხი, რაც ჩვენთან შეინიშნება, არ არის კარგი. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების, მათ შორის, ეკონომიკური სუბიექტების მსყიდველუნარიანობა განგრძობითად ეცემა. შესაბამისად, ბიზნესს უჭირს მის მიერ შეთავაზებულ საქონელზე და მომსახურებაზე ფასების მომატება. უფრო მეტიც - ხშირ შემთხვევაში, იძულებულია ფასები შეამციროს კიდეც“ - განმარტავს სურგულაძე და სახელმწიფოს მხრიდან ვითარების გამოსასწორებლად მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„უკვე თვეებია ვხედავთ ინფლაციის მაჩვენებლის თანმიმდევრულ შემცირებას, რომელიც უკვე ნულს დაუახლოვდა და თუ გაზომვის ცდომილებასაც გავითვალისწინებთ, შეიძლება დეფლაციასთანაც გვქონდეს საქმე. ამასთან, მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი დაბალია რაც, დეფლაციურ პროცესებთან ერთობლიობაში, ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ეროვნულმა ბანკმა, წინა ხელმძღვანელობის პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ გადადგა „უკუღმა“ ნაბიჯები - გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და გააძვირა ფული, რომელზე მოთხოვნაც, შემცირებული ეკონომიკური აქტივობის პირობებში, ისედაც მცირდებოდა. ახალი მმართველობის პირობებში, ეროვნულმა ბანკმა, სავსებით სწორად, დაიწყო რეფინანსირების განაკვეთის თანამიმდევრული შემცირება და, შესაბამისად, ფულის გაიაფება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს“ - აცხადებს ექსპერტი.
სურგულაძე აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი და იაფი ფული მოხვდეს ეკონომიკური სუბიექტების ხელში.
„შესაბამისი მასტიმულირებელი მეთოდების გამოყენების არაერთი მაგალითია ცნობილი, სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითად, რეცესიის დროს, აშშ-ში მოსახლეობას გადახდილი გადასახადების ნაწილს უკან უბრუნებდნენ. მიღებულ თანხებს მოსახლეობა ისევ ეკონომიკაში აბრუნებდა, სხვადასხვა საქონლის თუ მომსახურების შეძენის გზით. მასტიმულირებელი იქნება ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შემდგომი გაზრდა. გარკვეულ პერიოდში, ეს ინფლაციის ზრდას გამოიწვევს, რაც, მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში, ეკონომიკაზე დადებითად აისახება.“ - აღნიშნავს ეკონომისტი.
კითხვაზე მეტი ფული ხომ არ გამოიწვევს ლარის კურსის ვარდნას, ლევან სურგულაძე განმარტავს, რომ დღეს ლარის გაცვლითი კურსი ეკონომიკის მთავარი პრობლემა არ არის. ლარის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანწილად ბაზრის მოლოდინებზეც არის დამოკიდებული.
„ჯანმრთელი და კარგად განვითარებადი ეკონომიკის პირობებში, საზოგადოება და ბიზნესი შეისყიდის მხოლოდ იმდენ ვალუტას, რამდენიც აუცილებელია მათი მიმდინარე საჭიროებების დასაფინანსებლად და ნაკლებად ექნება ადგილი ვალუტაზე აჟიოტაჟურ მოთხოვნას ლარის კურსის შემდგომი დასუსტების შიშით“ - აღნიშნავს სურგულაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss