| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „ქართული ზეთისხილის“ პროდუქცია ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება.
ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი, მაღალტექნოლოგიური საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში უკვე მუშაობს.
კომპანიის დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, მათი გეგმები ამ მიმართულებით მასშტაბურია. 2018 წლამდე ინვეტიციების გაორმაგება და ზეთისხილის პლანტაციის 300-დან 1000 ჰა-მდე გაზრდაა დაგეგმილი.
„ჩვენ ამ ეტაპზე პლანტაცია გაშენებული გვაქვს ბაღდადშიც, მარნეულშიც, მაგრამ უპირატესობას მაინც კახეთს ვანიჭებთ და ამიტომ კონცენტრირებას ვახდენთ კახეთზე. დღემდე ამ მიმართულებით 5 მლნ ლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და 2018 წლამდე დამატებით, მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ“,- აცხადებს ბიზნესმენი.
გიორგი სვანიძე მიიჩნევს, რომ მათ აქვს შანსი მაღალხარისხიანი და კონკურენტულფასიანი ზეითუნის ზეთი და ზეთისხილის პროდუქცია აწარმოონ. ის იმ უპირატესობებზეც აღნიშნავს, რითაც საქართველო მისი მთავარ კონკურენტი ქვეყნებისგან გამოირჩევა.
„წარმოება გვიჯდება გაცილებით იაფი, ვიდრე ესპანელ, იტალიელ, თურქ მეწარმეებს. ჩვენთან მუშახელი იაფია, ასევე სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დაბალია ელექტროენერგიის გადასახადიც. საგადასახადო პოლიტიკა უფრო ლიბერალურია. უკვე გვაქვს შეთანხმება „კარფურთან“და ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას „კარფურისა“ და სხვა საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით ვგეგმავთ. უახლოესი 3 წლის განმავლობაში საქართველოს ბაზრის 50 %-ის დაკავებას ვგეგმავთ“, - ამბობს სვანიძე.
აღსანიშნავია, რომ პირველი პროდუქცია დახლზე ოქტომბერში „ქართული ზეთისხილის“ სახელით გამოჩნდება. თუმცა, სამომავლოდ ბრენდების დამატებაც იგეგმება.
კომპანიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ზეთისხილის პლანტაციების გაშენების ხელშეწყობაა, ფერმერებისათვის გასაღების ბაზრის შეთავაზების გზით.
„ვაპირებთ რომ პროდუქცია სხვა ბაღებიდან მივიღოთ. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ფერმერებმა, გლეხებმა პროდუქცია ჩაგვაბარონ და მათაც გასაღების ბაზარი გაუჩნდეთ“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
სვანიძე მიიჩნევს, რომ ბაღის ან პლანტაციის გაშენება ნაკლებრისკიანია, ვიდრე ერთწლიანი კულტურების დათესვა.
ფორს–მაჟორული სტიქიური შემთხვევების გასანეიტრალებლად კი, აგროდაზღვევის საჭიროებაზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ სწორედ ამ შემთხვევებისთვისაა აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც სამთავრობო პროექტია და რაც ძალიან მნიშველოვანია აგრო–სექტორისათვის.
„ვფიქრობ, რომ ნებისმიერ საქმეს თუ გულით დაიწყებ და სწორად გააკეთებ, რისკის არ უნდა გეშინოდეს“, - აღნიშნავს სვანიძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss