| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სუბსიდიები, დახმარებები და სისტემატიური საუბრები გაჭირვებაზე ცუდი იდეოლოგიაა - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელსაც GBC-იმ წლის შეფასება სთხოვა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ თუნდაც ზარალის შემთხვევაში აუცილებელია შრომის გაგრძელება, რასაც უეჭველი შედეგი მოყვება.
როგორი იყო 2015 წელი ცნობილი ბიზნესმენისთვის, რა ინვესტიციები განახორციელა, რა ზარალი მოუტანა ლარის გაუფასურებამ მის კომპანიებს, რა გეგმები აქვს, რა არ მოსწონს და რას ურჩევს მთავრობას - ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან.
- როგორი იყო 2015 წელი თქვენი ბიზნესისთვის?
-ყოველთვის იმაზე მეტს ვგეგმავ ბიზნესში, ვიდრე ვაღწევ ხოლმე, ასეთი მუშაობის პრინციპი მაქვს. თუმცა, არც ისე, რომ მიუღწეველი იყოს. 2015 წელი ეფექტური იყო - ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გავხსენით, აქ ფინანსურ შედეგებს ნაკლებად მივაქციეთ ყურადღება, რაც შეცდომა იყო, მაგრამ პოტენციურად სწორად მოვიქეცით და 70 კაცი დავასაქმეთ. ასევე, თბილისში, ამერიკის საელჩოს წინ მეორე „მაკდონალდსის“ გავხსენით, არაჩვეულებრივი პროექტი გამოგვივიდა და მოულოდნელად, დიდ შედეგებს ვღებულობთ, სადაც ასევე 80 კაცი დავასაქმეთ.
მესამე ინვესტიცია დაკავშირებულია ცივი ჩაის წარმოებასთან, რომელიც ამ დრომდე იმპორტით აზერბაიჯანიდან შემოგვქონდა. Coca-Cola -სგან ავიღეთ ლიცენზია და ადგილობრივი წარმოება დავიწყეთ. ვაფორმებთ საექსპორტო ხელშეკრულებას თურქეთთან და აპრილი – მაისიდან, როგორც კი სეზონი დაიწყება, ექსპორტი უნდა დავიწყოთ თურქეთში. უსერიოზულესი მოცულობებია. ასე, რომ რაც დასახული მიზანი გვქონდა, ეს 100%–ით შევასრულეთ. საერთო ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიონ ევრომდეა და დაახლოებით 180 კაცი დავასაქმეთ.
ასევე დასახული გვქონდა „კასტელში“ ლუდის ხარისხის მაღალ დონეზე აწევა და ამას მივაღწიეთ, რაც ძალიან რთული იყო, რადგან როდესაც „კასტელი“ შევიძინეთ ტექნოლოგიურად არ იყო გამართულიდა იქაც დიდი მოცულობის ინვესტიციები განვახორციელეთ ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით: მოვიწვიეთ გერმანელი სპეციალისტები, სერიოზული სამუშაო გავწიეთ. თუმცა, აქ მეორე სირთულე დაგვხვდა წინ – გაიზარდა ლუდზე აქციზის გადასახადი და ლუდის ინვესტიციები იმ დონეზე, რაც გვინდოდა ვეღარ განვახორციელეთ, რადგან ვეღარ აუდივართ აქციზის გადასახადს, ამასთან, შემცირდა მოთხოვნილებაც ლუდზე.
ეს ყველაფერი არასწორი ანალიზის შედეგია, სწორი ანალიზი რომ გაკეთებულიყო, ლუდზე აქციზი წესით არ უნა გაზრდილიყო, იმიტომ რომ გრძელვადიან პერიოდში, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოგვცემს.
- გაყიდვების კუთხით რა ვითარებაა „კოკა -კოლას“, „კასტელისა“ და „მაკდონალდსის“ შემთხვევაში?
-„კოკა კოლას“ რეალიზაცია ყოველ წელს იზრდება, რადგან თაობა მოდის დასავლური მენტალიტეტით და ე.წ „ტარხუნისტები“ აღარ არიან. ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებსაც ვდებთ და კმაყოფილებიც ვართ. „კოკა-კოლა“ უკვე სახალხო სახელად იქცა და მას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. „კოკა-კოლაში“ დღევანდელი ინფორმაციით, 15-17%–იანი ზრდა გვაქვს შარშანდელთან შედარებით, „მაკდონალდსში“ უფრო მოკრძალებული, 9%–იანი ზრდა გვაქვს, უკვე 9 რესტორანი ფუნქციონირებს ამ ბრენდით. ლუდის გაყიდვებშიც არის ზრდა, მაგრამ უფრო მეტი გეგმები გვქონდა და ვერ მივაღწიეთ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე.
საერთო შედეგები, რაც სასარგებლო და საინტერესოა მოსახლებისთვის ისაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში წელს ჯამურად შევიტანთ 60 მილიონს, 5 მილიონით მეტს შარშანდელთან შედარებით. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ბიზნესებიდან ეს საკმაოდ სერიოზული თანხაა.
- თურქეთში ჩაის ექსპორტი აღნიშნეთ, თუმცა, იქამდე „კოკა კოლას“ ექსპორტი იგეგმებოდა ყაზახეთში. რატომ არ განხორციელდა ეს გეგმა და იგეგმება თუ არა სამომავლოდ ამ ბაზარზე გასვლა?
-ყაზახეთში იგეგმებოდა ექსპორტი, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთსა და ყაზახეთში არის ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია, უჭირს იქაურ იმპორტიორებს. გარე ფაქტორებზე როდესაც საუბრობენ ჩვენი ეკონომისტები ვეთანხმები გარკვეულწილად, სწორედ ეს არის ერთ–ერთი გარე ფაქტორი, რის გამოც ექსპორტი შეწყდა, იმიტომ, რომ ადგილობრივი ეკონომიკური პირობებია სუსტი. ყაზახეთში ექსპორტის თემა დახურული არაა, რადგან იქ წარმადობა საკმარისი არაა და თუ ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება, იგივე მიმართულებით ვიმუშავებთ.
რაც შეეხება თურქეთს, თურქეთში ჩაის ექსპორტი გადაწყვეტილია, რადგან, ადგილობრივი რესურსი არ ჰყოფნით. იქ ინვესტიციები რაც ადგილობრივ მწარმოებლებს იქ უნდა გაეკეთებინათ, არ გააკეთეს იმის გამო, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ. „კოკა-კოლას“ სათაო ოფისის გადაწყვეტილებაა, რომ მოახდინონ სწორი კონტროლი და ექსპორტ–იმპორტის ბალანსი დაალაგონ სწორად.
- პირველ ეტაპზე რა მოცულობების ექსპორტი იგეგმება თურქეთში და ეს მთლიანი წარმოების რა წილს დაიკავებს?
-პირველ ეტაპზე 700 000 ყუთია მოთხოვნილი და ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენი წარმადობა ძალიან დიდია და დაახლოებით ეს მოცულობა მთლიანი წარმოების 25-30% -მდე იქნება. წინასწარ „კოკა -კოლასთან“ შეთანხმებით ძალიან მაღალი წარმადობის ხაზები გავაკეთეთ, რადგან „კოკა- კოლამ“ აიღო ძალიან ხელშემწყობი პროტექციონისტული მიმართულებები და უნდათ, რომ საქართველო გახდეს ჰაბი, საიდანაც პროდუქცია მიეწოდება როგორც თურქეთს, ასევე სხვა ქვეყნებს. მომავალი წელი იქნება ძალიან საინტერესო, რადგან გარკვეული ცვლილებები იგეგმება თვითონ „კოკა- კოლას“ სისტემაში.
სომხეთსა და აზერბაიჯანში ახლაც ვახორციელებთ ექსპორტს, თუმცა არა დიდი რაოდენობით და ნელ-ნელა გაიზრდება ეს რიცხვიც. სომხეთში ამ ეტაპზე მხოლოდ „კოკა- კოლას“ ვგზავნით, ხოლო აზერბაიჯანში, როგორც „კოკა–კოლას“, ასევე ცივ ჩაის, ორ სხვადასხვა შეფუთვაში, რომელსაც აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ზუსტად აქ არის შეთანხმება „კოკა კოლასთან“, რომ ინვესტიციას ჩადებს იმ შეფუთვებში, რასაც ჩვენ უკვე ვაწვდით. ჩამოყალიბებული ვართ იმ საკითხზე, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის ექსპორტ–იმპორტის ისე დალაგება, რომ ყველა ქვეყანა იყოს მომგებიანი.
„კოკა-კოლას“ ინვესტიციები ჩვენთან არის მხოლოდ სარეკლამო. მაგალითად $3.2 მილიონის სარეკლამო კამპანია უნდა გავაკეთოთ „კოკა-კოლასთან“ ერთად, საიდანაც $1.6 მილიონი არის თვითონ კომპანიის, ხოლო მეორე ნახევარი ჩვენი სახსრები. შესაბამისად, ქართულ ეკონომიკაში ჩვენ ღირსეული ადგილი გვიკავია.
- ადგილობრივი პურის წარმოება რა პროცესშია?
-პურის წარმოება დაწყებული გვაქვს, ალბათ 3-4 თვეში დასრულდება. მომავალ წელს „მაკდონალდს“ ვხსნით გლდანში და რუსთავში, ვხსნით პურის ქარხანას, ასევე, „მაკდონალდსის“ პროდუქციის მიწოდებაზე ცენტრალურ საწყობს ამიერკავკასიაში. მომავალ წელს დაახლოებით 8 მილიონ ევროს კიდევ დავხარჯავთ. აქედან, დაახლოებით 7 მილიონი „მაკდონალდსზე“ დაიხარჯება.
- მიუხედავად ამ მონაცემებისა, 2015 წელს ლარის დევალვაციამ რა გავლენა იქონია თქვენს ბიზნესზე?
-განსხვავება ჩვენს ბიზნესში არის 17 მილიონი. ამ თანხის ზარალი მივიღეთ ჩვენ ლარის დევალვაციის გამო. თუმცა, ამას ინვესტიციების განხორციელებაში ხელი არ შეუშლია, რადგან ჩვენს საქმეში პროფესიონალები ვართ. ამ რყევების გამო პანიკაში არ უნდა ვვარდებოდეთ. ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. 17 მილიონი დავკარგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი უნდა მოვიკლათ. უნდა გავაგრძელოთ შრომა და შედეგი გვექნება უეჭველი.
- მომავალი წლისთვის რა მოლოდინები გაქვთ?
-მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლისთვის იგივე პროცესში ვიქნებით რა პროცესშიც ახლა ვართ. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს მომავალ წელს?! ერაყში ომია, უკრაინაში ომია, რუსეთში, თურქეთში კრიზისია – თუ მხოლოდ გარე ფაქტორებზეა საუბარი, ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს?! შესაბამისად, მომავალი წლისთვის დამატებითი გარე ფაქტორები გამოირიცხა. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენმა მმართველმა გუნდმაც ისწავლა და იმედი მაქვს შიდა ფაქტორებს გაუფრთხილდებიან. შიდა ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდეს, ძალიან ბევრი ფული იხარჯება სახელმწიფო მოხელეების შენახვაზე, რაც ძალიან ცუდია. ძალიან ბევრი უწყებაა, რომელიც არ არის აუცილებელი, ძალიან ბევრი მმართველია რეგიონებში, საკრებულოები და ა.შ. და ათასობით ადამიანია ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული, რაც არაა სწორი. გაჭირვებიდან გამომდინარე გამოსავალს იპოვიან, თუ უფრო გაუჭირდება ქვეყანას, უფრო კარგად უნდა იფიქრონ გამოსავალზე.
იგივე, ძალიან ბევრი სოციალური პროგრამებია, სუბსიდიებია ძალიან ბევრი. სუბსიდიები, დახმარებები და სისტემატიური საუბრები გაჭირვებაზე ცუდი იდეოლოგიაა და ესეც შესაცვლელია სუბსიდიების თავი არ აქვს სახელმწიფოს, ამიტომ ამ პოპულისტურ განცხადებებს მთავრობამ თავი უნდა დაანებოს. 2016 წლისთვის. ეს წელი უნდა დავიწყოთ, ახალი, ოპტიმისტური განცხადებებით და განწყობით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss