ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირინა მილორავა: აუცილებელია დროულად მოხდეს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქტივების გასხვისება  
მარიამ მინაძე
21 დეკემბერი, 2015, 10:43
ირინა მილორავა: აუცილებელია დროულად მოხდეს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქტივების გასხვისება   

თბილისი (GBC) – სატარიფო ცვლილებები, ბაზრის რეგულირების ახალი მეთოდოლოგია და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად გაძლიერებული საქმიანობა -  GBC-იმ ენერგეტიკისა და წყლის სექტორებში არსებული ვითარების შეფასება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს, ირინა მილორავას სთხოვა.

1.როგორ შეაფასებთ 2015 წელს, რა გამოწვევები იყო ბაზარზე, რომელსაც სემეკი არეგულირებს და რამდენად გაართვა სექტორმა თავი ამ გამოწვევებს?

 -კომისიის საქმიანობაში 2015 წელი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი აქტივობებით. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის კომისიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, აქტუალური იყო სატარიფო ცვლილებები, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში, გაგრძელდა აქტივობები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაცია, რაც ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია კომისიის საქმიანობაში. დადებითად შევაფასებდი წლის საქმიანობას. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რომლებზედაც კომისია მუშაობას 2016 წელს გააგრძელებს. მოგეხსენებათ, ნებისმიერი განვითარებადი სფერო და განსაკუთრებით ენერგეტიკა ხასიათდება მუდმივი სიახლეებით, რიგ შემთხვევებში ისეთი სახის სირთულეებით, რომელსაც სჭირდება რეალურ დროსთან თანმხვედრი ქმედებები, გადაწყვეტილებები კომისიის მხრიდან. მარეგულირებელი კომისია არის ინსტიტუტი, რომელმაც იცის რეგულირებადი სექტორების, სექტორში არსებული კომპანიების მაჯისცემა - რა სჭირდება დარგს, კომპანიას განვითარებისათვის, რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქმიანობა იყოს ხარისხიანი და შესაბამისად, მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ა.შ. ეფექტიანი რეგულირების პრინციპია, რომ ერთის მხრივ კომპანიებს მიეცეთ განვითარების საშუალება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებლებმა მიიღონ უწყვეტი, საიმედო, ხარისხიანი მომსახურება. 2016 წელს კომისია საქმიანობას სწორად მომსახურების ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებით დაიწყებს.

2. რა სამუშაო გაწია სემეკმა, რაზე მუშაობს ამ ეტაპზე? ასევე, ფინანსურ ჭრილშიც რა შედეგები აქვს სემეკს?

-მოგეხსენებათ, ტარიფის ცვლილების მიზნით მიმდინარე წელს კომისიას მომართეს თბოელექტროსადგურებმა და გამანაწილებელმა კომპანიებმა. მომართვის საფუძვლად დასახელდა აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა კომპანიების ხარჯები  (თბოელექტროსადგურების შემთხვევაში - ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხარჯები, ხოლო განაწილების ლიცენზიატების შემთხვევაში - ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯები). ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც სრულად ითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს, კომისიამ დაიწყო ტარიფების გადახედვა და დაადგინა სამართლიანი ტარიფები. კომისიის მიზანია, რომ მისი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და თითოეულ საკითხზე მოხდეს საზოგადოების სრული ინფორმირებულობა. შესაბამისად, ტარიფების გაანგარიშების პროცესში მოხდა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. გაიმართა საჯარო შეხვედრები, სს „თელასის“ ტარიფების თითოეულ კომპონენტზე ცალ-ცალკე მოეწყო საჯარო მოსმენები. დოკუმენტაცია სრულად განთავსდა კომისიის ვებ-გვერდზე. აღმოიფხვრა ყველა პრობლემა, რომელიც ამ მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ართულებდა.

წლის განმავლობაში მოიმატა მოქალაქეთა მომართვიანობამ ხანდაზმულ დავალიანებებთან, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით. მონაცემების შესაბამისად, საჯარო სხდომებზე კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის ოფისის მიერ წარმოდგენილი დავების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, მომხმარებლებს ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი ჩამოეწერათ. წლის ბოლომდე ჩანიშნულია კიდევ რამდენიმე სხდომა, სადაც განიხილება მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავების საკითხები და არ არის გამორიცხული, რომ ჩამოწერილი თანხის ოდენობა გაიზარდოს. 

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის გაუქმდა სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიანი გადასახადი. 2015 წლის პირველი იანვრიდან წყალმომარაგების კომპანია ვალდებულია ძველ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, უფასოდ დაუმონტაჟოს მრიცხველი. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების“ წესებით განისაზღვრა ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ვადები, პროცედურები და შესაბამისი მომსახურების ღირებულება.

 ელექტროენერგეტიკის სექტორში შემუშავდა და დამტკიცდა  ელექტროენერგიის „ქსელის წესები“, რომელიც დარგის მარეგულირებელი ძირითად ტექნიკური დოკუმენტია. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების ახალი წესის შესაბამისად, რომელიც ასევე ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გაანგარიშდა სს „თელასის“ ნორმატიული დანაკარგები და იგი 12.4%-იდან 5.34%-მდე შემცირდა.

 დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების წესი“, რომელიც ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგების სამიზნე მაჩველებლების დადგენით, გამანაწილებელ ქსელზე ფაქტობრივი დანაკარგების შემცირების სტიმულირებას.    გრძელდება ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა. წელს, სრულად გაზიფიცირებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს 58 სოფელი დაემატა და დღეისათვის, 627 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა.

რაც შეეხება კომისიის შემოსავლებს, მოგეხსენებათ კომისია არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წყაროა რეგულირების საფასური, რომელსაც რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოები იხდიან მათ შემოსავლების მიხედვით. ბოლო წლებში რეგულირების საფასურის კოეფიციენტი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კომისია ორიენტირებულია კომისიის აპარატში კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვაზე, რომლებიც ასრულებენ დიდი მოცულობისა და მნიშვნელობის სამუშაოებს. შესაბამისად, ვცდილობთ რომ მათ მიერ შესასრულებელ საქმიანობას ჰქონდეს ადექვატური ფინანსური მომხიბვლელობაც. გადაჭარბების გარეშე შემიძლია აღვნიშნო, რომ დღეისათვის კომისიაში არის ძლიერი გუნდი, დიდი გამოცდილებით. 

ასევე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებებია დაწყებული ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის 2016 წლის ტარიფების დასადგენად. სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს ტარიფების გადახედვას ყოველწლიურად. შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად მოახდენს დადგენილი ტარიფების გადათვლას, იმისათვის რომ არეგულიროს კომპანიების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმა, შემოსავლები და ხარჯები. ტარიფების გადახედვა როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, არ გულისხმობს ცალსახად, რომ ყოველწლიურად შეიცველება საბოლოო საყოფაცხოვრებო ტარიფები. 

3. ცალ ცალკე სექტორებად რომ მიმოვიხილოთ, როგორ შეაფასებდით ბუნებრივი აირის სექტორს 2015 წელს, თქვენი აზრით, რამდენად სწორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, თუნდაც კომერციულ სექტორში (მიუხედავად იმისა, რომ დერეგულირებული სფეროა) და რა გამოწვევებს ელით 2016 წლისთვის ამ სექტორში?

-ბუნებრივი გაზის სექტორში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს - მოხდა სს „საქორგგაზის“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამოქმედო არეალების გაფართოება. ეს პროცესი ხელს შეუწყობს კომპანიის მართვის ეფექტურობის გაზრდას, რეგიონების სრულად გაზიფიცირებას, სადაც ყველა მომხმარებელს შეეძლება ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა. მოგეხსენებათ, არ მომხდარა ტარიფების გადახედვა კომისიის მიერ რეგულირებად ნაწილში. 2016 წელს კომისია დაიწყებს სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე კომპანიების საინვესტიციო გეგმების, შემოსავლებისა და დანახარჯების დეტალურ შესწავლას. რაც შეეხება დერეგულირებულ ნაწილს, ურთიერთობას მომხმარებელსა და კომპანიას შორის არეგულირებს ბაზარი. ბუნებრივი გაზის სექტორის დერეგულირებული ნაწილი ადეკვატურია ბაზრის მოთხოვნების.      

4. რა ხდება შპს „ყაზტრანსგაზ თბილისთან“ დაკავშირებით, როდემდე შეიძლება დარჩეს კომპანიაში დროებითი მმართველი და რამდენად აქვს შესაძლებლობა ინვესტორს მოითხოვოს ინვესტიციების უკან დაბრუნება, რაზეც ცოტა ხნის წინ განაცხადა?

-შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალური მმართველის დანიშვნა განპირობებული იყო მომხმარებელთა უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფით. კომპანიაში სპეციალური მმართველი 2009 წლის მარტში დაინიშნა და მას შემდეგ, პერიოდულად ხდება სპეციალური მმართველობის ვადის გაგრძელება. ა/წლის 23 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისია იმსჯელებს სპეციალური მმართველობის თაობაზე. ცხადია, რომ კომისიის მიზანი არ არის და ვერ იქნება სპეციალური მმართველობის ხანგრძლივად შენარჩუნება. პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ინვესტორი კომპანიაში. თუმცა, მეორეს მხრივ ინვესტორიც უნდა აცნობიერებდეს, რომ რეგულირებადი კომუნალური საწარმო, რომელიც ბუნებრივი მონოპოლისტია, მუდმივად საჭიროებს განვითარებას, იმისათვის, რომ გაუმჯობესებული ხარისხის მომსახურება შესთავაზოს მოხმარებელს, რაც პირველ რიგში სწორად დაგეგმილი ინვესტიციებით და ეფექტური მენეჯმენტით მიიღწევა. რაც შეეხება ინვესტიციების უკან დაბრუნებას, ვფიქრობ ამ შემთხვევაში სამართლებრივად უფრო სწორია ინვესტორის კომპანიაში დაბრუნებაზე ვისაუბროთ იმ პირობების დაცვით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.  

5. როგორ შეასრულეს ელექტროენერგიის გამანაწილებლებმა აღებული ვალდებულებები და თუ ელით მათგან ტარიფების ზრდის მოთხოვნას?

-ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს სს „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და სს „თელასს“ ტარიფები დაუდგინდათ წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე. მეთოდოლოგია შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ ფარგლებში და სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ორივე კომპანიას ტარიფში წინასწარ აესახათ მომდევნო წლის საინვესტიციო გეგმა, რომლის განხორციელების დეტალურ მონიტორინგს აწარმოებს კომისია. სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს კომპანიებისათვის დადგენილი ტარიფების ყოველწლიურ გადახედვას და, შესაბამისად, ყველა გათვალისწინებული ხარჯის კონტროლს, რაც გაწერილი აქვს ვალდებულებების შესასრულებლად. როგორც უკვე აღვნიშნე, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კომისიამ აკონტროლოს კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებები რამდენადაა შესრულებული. აღნიშნულ საკითხზე კომისია უახლოეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს, სადაც კომისიის აპარატის მიერ წარმოდგენილი იქნება როგორც სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ 2014 წელს დადგენილ ტარიფში 2014-2015 წლებისათვის გათვალისწინებული საინვესიტიცო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნა, ასევე კომპანიის მომდევნო წლის საინვესტიციო გეგმა.

რაც შეეხება სს „თელასს“, მოგეხსენებათ, კომპანიამ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მომართა. შესაბამისად, განესაზღვრა 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმა. სს „თელასის“  მიერ კომისიასთან შეთანხმებული ინვესტიციები 2015 წლისათვის 15 მილიონ ლარს, ხოლო 2016 წელს - 16 მილიონ ლარს შეადგენს.  სს „თელასს“ წლების მიხედვით განესაზღვრა საინვესტიციო პროექტების განხორციელების ვალდებულება. კერძოდ, კომპანიამ 2015 წელს 37 საინვესტიციო პროექტი, ხოლო 2016 წელს - 35 პროექტი უნდა განახორციელოს. სს „თელასის“ 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმის მიხედვით დაგეგმილია ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზებისა და საკაბელო მეურნეობის რეაბილიტაცია, ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატური სისტემის განვითარება, ტრანსფორმატორების კაპიტალური რემონტი და სხვა სახის კაპიტალური ინვესტიციები. მომდევნო წელს სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე მოხდება სს „თელასის“ ტარიფის გადათვლა, შესაბამისად, განხორციელდება კომპანიის საინვესტიციო გეგმის შესრულების ანალიზი.          

6. რა ვითარებაშია „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, არის თუ არა შესაძლებელი, რომ კომპანიამ სახელმწიფოს დახმარების გარეშე გააგრძელოს ფუნქციონირება უახლოეს პერიოდში?

-მოგეხსენებათ, სს  „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ გაკოტრების რეჟიმშია და მას გაკოტრების მმართველი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ბუნებრივია, რომ გაკოტრების რეჟიმში ძნელდება კომპანიის განვითარება და ქსელში საჭირო ინვესტიციების განხორციელება. ასეთ ვითარებაში აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს კომპანიის აქტივების გასხვისება (გასხვისება უნდა მოხდეს, ისე როგორც გაკოტრების  შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს), იმისათვის, რომ კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა. 

7. წყლის სექტორიც რომ მიმოვიხილოთ, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს გამრიცხველიანების საკითხი, ასევე ხომ არ იგეგმება წყლის ტარიფების გადახედვა თბილისსა და რეგიონებში?

-მიმდინარე წელს, კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე დადგინდა წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფები შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისათვის“, შპს „მცხეთის წყალისა“, შპს “რუსთავის წყალისა” და შპს „მცხეთის სოფწყალისათვის“. რაც შეეხება გამრიცხველიანების პროცესს, კომისიამ ამ მიმართულებით მნიშნველოვანი ცვლილებები განახორციელა. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, 2015 წლის პირველი იანვრიდან საყოფაცხოვრებო მომხარებლებისათვის, რომელიც სასმელ წყალს იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, გაუქმდა მრიცხველის 100 ლარიანი გადასახადი. აღნიშნული ხელს უწყობს გამრიცხველიანების პროცესს, რაც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს თავად განსაზღვროს ყოველთვიურად გადასახდელი წყლის საფასურის ოდენობა მის მიერ მოხმარებული სასმელის წყლის მოცულობის კონტროლის გზით. ასეთ შემთხვევაში, გამორიცხული არაა, რომ მომხმარებელს უფრო ნაკლების გადახდა მოუწიოს, ვიდრე სულადობრივი ტარიფით სარგებლობისას. გარდა ამისა, გამრიცხველიანების პროცესმა უნდა შეამციროს წყლის უყაირათო მოხმარება და, შესაბამისად, კომპანიის დანაკარგი, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ტარიფებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კომისია მუშაობს წყალმომარაგების სექტორში მომსახურების კომერციული ხარისხის წესებზე, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს არაგეგმიური გათიშვები, განისაზღვროს მოქალაქის ზარზე ქოლ-ცენტრის პასუხის ოპერატიულობის დრო, კომპანიის მხრიდან წესებით განსაზღვრული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება კომპენსირების მეთოდი. 

8. „რუსთავის წყალმა“ გაასაჩივრა ტარიფის შემცირება, რამდენად სამართლიანია კომპანიის უკმაყოფილება?

 -"რუსთავის წყლისთვის" დადგენილ ტარიფში კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა გონივრული ხარჯია გათვალიწინებული. იმისათვის, რომ არ მომხდარიყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, კომისიამ რამდენჯერმე გააკეთა განმარტება და გაასაჯაროვა ტარიფის დადგენასთან დაკავშირებული ყველა საჯარო ინფორმაცია, განმარტებითი ბარათის ჩათვლით.  კომისიამ ტარიფის დადგენისას გამოიყენა საერთაშორისოდ აღიარებული წახალისების მექანიზმი და შპს "რუსთავის წყალს"ტარიფში წინასწარ აუსახა 2016 წელს განსახორციელებელი ინვესტიციები - 1,7 მლნ. ლარის ოდენობით, რათა კომპანიას უზრუნველეყო წყალმომარაგების  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ტარიფში გათვალისწინებული 2016 წლის საინვესტიციო გეგმა მოიცავს წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციას და გამრიცხველიანების  პროექტს − ჯამში 1,3 მლნ. ლარის ოდენობით, ხოლო აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებისათვის − 346 ათას  ლარს. ამდენად, საუბარი იმაზე, რომ ახალი ტარიფი შეაფერხებს საინვესტიციო საქმიანობას, არ შეესაბამება იმ სინამდვილეს, რაც კომისიის მიერ ტარიფშია ასახული. თქვენ სწორად შენიშნეთ - კომისიის გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებით კომპანიას გასაჩივრებული აქვს და ვფიქრობ ეს ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზაა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისათვის. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები