| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველო
და თურქეთი სავაჭრო ბრუნვას $5 მილიარდამდე უმოკლეს ვადებში გაზრდიან. ასეთი მოსაზრება
გამოთქვა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეტ მუშმა თბილისში მიმდინარე ფორუმზე „დიაგონალური
კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები".
მისი თქმით, ბოლო წლებში
საქართველო–თურქეთის სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.
„2021 წელს ქვეყნებს
შორის ვაჭრობა წინა წელთან შედარებით 20%–ით გაიზარდა და $2 მილიარდს მიაღწია. მიმდინარე
წლის პირველ 8 თვეში ეს მაჩვენებელი 50%–ით არის გაზრდილი, 2021–ის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, $2 მილიარდამდე. დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის ურთიერთობისა და ჩადებული
ინვესტიციების წყალობით ვაჭრობის იურიდიულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, უმოკლეს
ვადებში გავზრდით სავაჭრო ბრუნვას ქვეყნებს შორის $5 მილიარდამდე“, – თქვა მუშმა.
თავის მხრივ, ვიცე–პრემიერმა,
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დიაგონალურ კუმულაციას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა
ფორუმზე გამოსვლისას და აღნიშნა, რომ „დიაგონალურმა კუმულაციამ შესაძლებელი გახადა,
კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოს, თურქეთსა
და ევროკავშირს შორის".
ვიცე-პრემიერის განცხადებით,
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას უკვე
მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც თვალსაჩინო მაგალითია
იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ
ქვეყანას შორის და როგორ გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის
გასაზრდელად. მან ასევე მადლობა გადაუხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას
და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა მხარდაჭერამაც
შესაძლებელი გახადა დიაგონალური კუმულაციის საკითხზე ფორუმის ორგანიზება.
„თურქეთსა და საქართველოს
შორის სავაჭრო ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, თუმცა პოტენციალი სრულად არ არის
ათვისებული, განსაკუთრებით საქართველოს მხრიდან. თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი
გააქტიურებისა და ქართული ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები
არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს
საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე, მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის
დაფარვას. განსაკუთრებით გვახარებს ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში თურქ კომპანიებს
არ განელებიათ საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების
ინტერესი. თურქი ინვესტორების ესოდენ დიდი დაინტერესება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ
ნდობაზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოში მიმდინარე რეფორმებით და ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემოთი, ხელსაყრელი
საინვესტიციო კლიმატითა და სხვადასხვა ხელშემწყობი და წამახალისებელი ღონისძიებებით,"
- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფორუმზე შეკრებილი ბიზნეს-საზოგადოება
გაეცნო კვლევის „ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს, ევროკავშირსა
და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის გზით" შედეგებს, რომელიც მომზადდა საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, აშშ - ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს ჩართულობით.
ფორუმზე აღინიშნა, რომ
2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური
კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო
(გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი
ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.
ასევე ითქვა, რომ დიაგონალური
კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი
და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური
კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.
ფორუმზე ასევე წარიმართა
საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე. გარდა ამისა, გაიმართა
B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ინვესტიციებით ან/და
ერთობლივი საწარმოების შექმნით, დიაგონალური კუმულაციისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის
კონტექსტში.
ღონისძიების მხარდამჭერები
იყვნენ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის",
რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს
სავაჭრო - სამრეწველო პალატა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss