| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და თანმდევ
საკითხებთან ერთად, „საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი კომიტეტს სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ წარუდგინა,
რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულიად ახალია, თანხვედრაშია ევროკავშირის
დირექტივებთან და მომზადებულია ევროპელი კოლეგების ჩართულობით.
ლევან რაზმაძის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება
როგორც სისტემა და მიდგომები, ასევე, შემსყიდველის დეფინიცია და პლატფორმა. მომხსენებლის
ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, DCFTA-ის საფუძველზე დამტკიცდა
ე.წ. გზამკვლევი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო შესყიდვებს განსახორციელებლად დაევალა
5 ეტაპი.
„ამ დროისთვის ორი ეტაპი შესრულებულია, რის საფუძველზეც
ჩვენ გავხსენით საქონლის მიწოდების ნაწილში ევროპული ბაზარი. ქართულ კომპანიებს, რომლებიც
კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, უფლება აქვთ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული
საქონლის მიწოდების ტენდერებში მონაწილეობა მიიღონ და წარმატების შემთხვევაში, ოპერირება
განახორციელონ", - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
მისივე ინფორმაციით, მესამე და მეოთხე ფაზები მოიცავს
ამ კანონის მიღებას, რომლითაც ეტაპობრივად გაიხსნება ბაზარი როგორც მომსახურების, ასევე
სამშენებლო სფეროში.
მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტით ევროდირექტივის
შესაბამისი რეგულაციების გავლენით, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის თავისებურების
გათვალისწინებით, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი
საკითხი.
წარმოდგენილი პაკეტით, შეიცვალა მონეტარული ზღვრები.
სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ საჯარო შესყიდვების სპეციალისტები სავალდებულო
სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან, რაც, როგორც ლევან რაზმაძემ აღნიშნა, ერთი მხრივ
გაზრდის საჯარო შესყიდვებში კვალიფიკაციის დონეს, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს სერტიფიცირებული
სპეციალისტების დასაქმებას. კანონპროექტის მეხუთე თავი ახლებურად აწესრიგებს საჯარო
შესყიდვების პროცედურებს.
მომხსენებლის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა
ცენტრალიზებული შესყიდვების ნაწილი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ეკონომიკურად უფრო
მომგებიანი წინადადების არსებობას სახელმწიფო სტრუქტურებისათვის შესასყიდი საქონლისთვის
ან მომსახურებისთვის. კანონპროექტით, ინერგება მდგრადი საჯარო შესყიდვების პრინციპების
და მიდგომების აღიარებული კონცეფცია. კანონპროექტით განსაზღვრულია დავების განხილვის
საბჭოში გასაჩივრების წესი და ვადები.
„2022 წლის 22 ივლისს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის
ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ევროკავშირის
ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და წინგადადგმული
ნაბიჯია. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივაც მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოს
მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საკანონმდებლო პაკეტი
მოიცავს ევროკავშირის რამდენიმე დირექტივას, რომლის მიღების შემდგომ, ეროვნული კანონმდებლობა
ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოვა", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss