| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - OECD/INFE -მა (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა") მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიკითხა ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი. გამოიკითხნენ პირები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კვლევის მიზნებისთვის შეირჩა ორგანიზაციები 1,5 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვითა და 50-მდე თანამშრომლით.
საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ 17 ქულიანი შკალით 10.3 ქულა (60%) შეადგინა, რაც გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ცალკეული კომპონენტების მიხედვით კი, საქართველოს შედეგები ასე გადანაწილდა: ფინანსური ცოდნის მაჩვენებელი - 5 შესაძლოდან 3,1 ქულა, ფინანსური ქცევის მაჩვენებელი - 9 შესაძლოდან 5,6 ქულა, ფინანსური დამოკიდებულებების მაჩვენებელი - 3 შესაძლოდან 1,6 ქულა.
აღმოჩნდა, რომ საქართველოში მეწარმეების უმრავლესობას სწორად ესმის ინფლაციის, სესხზე გადასახადი პროცენტის, რისკისა და უკუგების, ინვესტირების არსი, თუმცა 41%-ს არასწორად ესმის დივიდენდის შინაარსი.
მეწარმეების თითქმის ნახევარს ბიზნესის ანგარიშები და ფინანსები პირადი ანგარიშებისა და ფინანსებისგან მკაცრად აქვს გამიჯნული; 23%-ს აქვს ცალკე ანგარიში ბიზნესისთვის, თუმცა, უჭირს ბიზნესის ფინანსებისა და საოჯახო ფინანსების გამიჯვნა; 28% ერთსა და იმავე ანგარიშს იყენებს ბიზნესისა და პირადი საჭიროებებისთვის; ბიზნესისთვის საჭირო ფინანსური პროდუქტის შერჩევისას ნახევარზე მეტი განიხილავს რამდენიმე მიმწოდებლის შეთავაზებას; გამოკითხულთა ნახევარმა იფიქრა იმაზე, თუ როგორ გაიტანს თავს პენსიაზე გასვლის შემდგომ.
რაც შეეხება ბიზნესის მართვის ქცევებს, 80% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფილი აქვს საკუთარი კომპანიის მონაცემებისა და ინფორმაციის დაცულობა/უსაფრთხოება, 75% გადაწყვეტილების მიღებამდე ერთმანეთს ადარებს ბიზნესის დაფინანსების სხვადასხვა წყაროს ფასს, 79% კი რეგულარულად აკეთებს ბიზნესის მომგებიანობის პროგნოზს. საკმაოდ მაღალი ცნობადობა აქვს შემდეგ ფინანსურ პროდუქტებს: ქონების დაზღვევა (94%), მიკრო კრედიტი (90%), მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხი (90%), საბანკო ბიზნეს სესხი (90%). ხოლო ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტებიდან აღსანიშნავია სასაქონლო კრედიტი (33%) და საბანკო ბიზნეს სესხი (31%).
კვლევის მიხედვით, ქროუდფანდინგის შესახებ გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 7%-ს სმენია; ფაქტორინგზე - 12%-ს; ვენჩურულ კაპიტალზე 14%-ს, ხოლო დერივატივებზე 16%-ს. საკმაოდ დაბალია ცნობადობა ე.წ. ბიზნეს ანგელოზებზეც - 19%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss