თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლარის რყევის შესაჩერებლად ჩარევას არასწორად მიიჩნევს. ამბობს, რომ ამან შედეგად მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი მოიტანოს.
ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "პირველზე" ისაუბრა იმ
შედეგებზე, რასაც გამოიწვევს თავისუფალ გაცვლით კურსზე მთავრობისა და ეროვნული ბანკის
მხრიდან ხელოვნური ჩარევა.
"გვაქვს ალტერნატივა, რომ ეს რეაქციაა საბაზრო ეკონომიკაზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე,
შევარბილოთ, გავაჩეროთ და ჩავერიოთ, მაგრამ ეს არ არის პასუხიმგებელიანი გადაწყვეტილება
და მიდგომა, რომელიც გრძელ ვადაში რაიმე ტიპის შედეგს გამოიღებდა. შეიძლება მოკლე ვადაში,
რამდენიმე თვით ან ერთი წლით, ამ ნაბიჯებმა გააჩეროს კურსი ერთ ნიშნულზე, ასეთებიც
ყოფილა წარსულში ჩვენს ქვეყანაში და სხვაგანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამის ფასს
გადავიხდით დაბალი ეკონომიკური ზრდით, ნაკლები სამუშაო ადგილებით და ა.შ. ამიტომ აუცილებელია,
რომ შევინარჩუნოთ თავისუფალი მცურავი კურსი, განვავითაროთ ეკონომიკა და რეფორმები,
რომელიც საბოლოო ჯამში, ამ რყევებს შეამცირებს. ამის პასუხი არ არის ჩარევა და პირდაპირ
დოლარის გაყიდვა და დოლარის მიმოქცევაში ჩაშვება. ეს არ არის ნორმალური და ჯანმრთელი
პროცესი. ეს არის მოკლევადიანი, უპასუხისმგებლო და მოკლე ვადაზე გათვლილი მიდგომა.
პასუხისმგებლიანი მიდგომა არის - ლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გაგრძელება,
რათა მოსახლეობა ნაკლებად იყოს მოწყვლადი კურსის რყევის მიმართ და ამავდროულად
გაგრძელდეს, ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ზრდის ექსპორტს და აჰყავს ეკონომიკური
ზრდა იმ დონეზე, რომელიც რეგიონში ყველაზე მაღალია. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, რომ ერთი
მხრივ, რყევები იყოს მინიამალური და მის მიმართ მოსახლეობის მოწყვლადობა იყოს დაბალი,
გაგრძელდეს ლარიზაცია, ეკონომიკური რეფორმები, სწორი მაკროეკონომიკური მიდგომა, ასევე
ფისკალური დისციპლინა - ეს არის ერთადერთო პასუხი, რომელიც გრძელ ვადაში იმუშავებს.
მეორე - არის პოპულისტური - დღეს, ხვალ გავაჩეროთ კურსი, მაგრამ
მაზეგ გაცილებით მძიმე შედეგი მივიღოთ, რომლითაც კურსიც გვერდით დაგვრჩება და სხვა
ეკონომიკური პარამეტრებიც. რასაკვირველია, რაღაც ტიპის პრეტენზიები არსებობს და ეს
ლეგიტიმურია და ზუსტად აქ არის მთავრი პასუხი ამ კითხვაზე - ერთია, რომ ამ წნეხის ქვეშ
მთავრობა, ეროვნული ბანკი გადადგამს თუ არა პოპულისტურ ნაბიჯებს და შეეცდება რომ ჩაერიოს,
რათა თავიდან აირიდოს ეს მოკლევადიანი დისკომფორტი და რყევები, თუ მაინც მდგრადად და
პრინციპულად გააგრძელებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც არის ერთადერთი სწორი და გრძელ
ვადაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს," - განაცხადა მინისტრმა.