| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBС) - „მძღოლს ველოდები და ისევ არ მოსულა“, „მთელი გზა საშინელ მუსიკას ვუსმენდი“, „კონდიციონერი ისევ არ მუშაობდა“, „ყველას დავავიწყდით და სადღაც მთაში დავრჩით“, „ავტომობილი გაფუჭდა და რამდენიმე საათი გზაზე ვიდექით“, „რა მოხდა, ეს ხომ საქართველოა“, - ტურიზმის ბუმის პარალელურად სერვისის მიწოდებაში ჩამორჩენამ ახალგაზრდების ჯგუფს ახალი კომპანიის შექმნისკენ უბიძგა.
კომპანია „ავტობასი“ ჯერ რამდენიმე თვეა რაც ოპერირებს, თუმცა კარგი რეპუტაციის მოპოვება უკვე შეძლო. მიზანი სატრანსპორტო მომსახურების მაღალ საფეხურზე აყვანა და სფეროში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაა.
„ერთ დღეს მივხვდი, რომ მთავარი პრობლემა კომუნიკაციასა და სერვისების არასწორ მიწოდებაშია, სამწუხაროდ, ამ საკითხს სიღრმისეულად არავინ უყურებს. ერთის მხრივ, ბაზარზე არსებობს კარგი ავტოპარკი, კარგი მძღოლების მოძებნაც შეიძლება, თუმცა, ერთიანობაში, მაღალი ხარისხის სერვისის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა „ავტობასის“ ჩამოყალიბების იდეა. გვინდა, ეს ჩავარდნა გამოვასწოროთ და ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით. როდესაც ჩვენ გვიკავშირდება ტურისტული ან სხვა კომპანია, რომელიც კორპორაციულ ღონისძიებას გეგმავს, მან უკვე იცის, რომ გარანტირებულ სერვისს მიიღებს: დროულად მივა გამართული და მოწესრიგებული სატრანსპორტო საშუალება, მოწესრიგებული მძღოლი და რაც მთავარია, მთელი ტურის განმავლობაში სატრანსპორტო მომსახურებასა და სტუმრების კომფორტზე პასუხისმგებლობას იღებს „ავტობასი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ კომპანიას, თუ კორპორაციული ტურის შემკვეთს აღარ სჭირდება ზედმეტი ღელვა, მოვა თუ არა ავტობუსი, ან იქნება თუ არა ის ისეთი კარგი როგორიც სურს. რეალურად, გვინდა, რომ ტურისტულ კომპანიებს დრო გამოვუნთავისუფლოთ. მათ უნდა იზრუნონ ტურისტების მოზიდვასა და ამისთვის ახალი პროდუქტების შექმნაზე, სერვისი კი, ჩვენ უნდა მოგვანდონ. აქამდე ფიქრობდნენ, რომ საკმარისი იყო კარგი ავტობუსის “შოვნა” და შემდეგ თავად შეძლებდნენ ყველაფრის მართვას, თუმცა უკვე ბევრი ჩვენი კლიენტი მიხვდა, რა კარგია, როცა მეტი დრო რჩებათ ძირითადი საქმიანობისთვის, მაშინ როცა დამატებით სერვისებს „ავტობასი“ უგეგმავს“, - ამბობს „ავტობასის“ დამფუძნებელი ნატალია გურიელი.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სატრანსპორტო სფეროს კვლევა და მეტი ნოვაცია სჭირდება. ბიზნესმა უნდა იცოდეს რა სჭირდება ბაზარს და მეორეს მხრივ, რა შესაძლებლობები აქვს ბიზნესს, რომ ჯერ კიდევ არარსებული მოთხოვნა გააჩინოს.
არის თუ არა მზად ბაზარი, რომ თუნდაც დღეს წარმოუდგენელ სერვისში მეტი ფული გადაიხადოს? -ამ კითხვაზე პასუხად ნატალია მობილური ტელეფონების ბაზარს იხმობს.
„ვფიქრობ, იდეალური მაგალითია მობილური ტელეფონების ბაზრის ისტორია. წლების წინ ბაზარზე დომინანტი იყო NOKIA და BlackBerry რომლებიც საკმაოდ მყარად იყვნენ წარმოდგენილნი ბაზარზე, მაგრამ გამოჩნდა iPhone. კომპანია Apple შემოვიდა ბაზარზე, ძვირიანი პროდუქტით, რომელშიც ისეთი სერვისები იყო გაერთიანებული, რაზეც წლების წინ ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო და ორივე კონკურენტი ბაზრიდან გააძევა. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელი მზად იყო ბევრად ძვირიანი გაჯეტი შეეძინა. ასევეა სხვა სფეროებიც. ჩვენ შემოგვაქვს ბაზარზე მაღალხარისხიანი სერვისი. ამ სერვისის დანერგვას რა თქმა უნდა, წლები სჭირდება, მაგრამ ამ სიახლეების შემოსვლასთან ერთად, მომხმარებელიც დაიწყებს ამ კომფორტში ფულის გადახდას“, - ამბობს ნატალია გურიელი.
ავტობასში კონკურენცია არ აშინებთ. ამბობენ, რომ მიუხედავად დაბალ მარჟაზე მუშაობისა, კონკურენტების არსებობა ძალიან კარგია - „სწორედ ჯანსაღი კონკურენცია ზრდის ბაზარს და ნერგავს კარგ სერვისს, რითაც მოგებული რჩება ქვეყანა და ტურისტი, რომელიც კმაყოფილი ბრუნდება თავის ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს ჩვენ ქვეყანას“.
დისციპლინა, ქცევის და ჩაცმის პროტოკოლი, - ეს ავტობასის სამი პრიორიტეტია. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია გადამზადების კურსები, სადაც ტურიზმის ამ უმნიშვნელოვანეს სეგმენტში დასაქმებულები მომსახურების სტანდარტს დახვეწენ.
„დღეს ბაზარზე გვყავს კარგი სატრანსპორტო საშუალებები, მაგრამ არ გვაქვს ტურიზმში მომუშავე პირებს გამოცდილება, როგორ გავუწიოთ ამ რესურსს სწორი მართვა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ სექტორის ყველა რგოლი - აეროპორტის თუ საბაჟოს თანამშრომელი, მძღოლი, გიდი და სასტუმროს პერსონალი პასუხისმგებელია თავის სამუშაოზე და ეს სტანდარტები შესაქმნელია, რაშიც ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულნი. პერსონალის გადამზადების კუთხითაც ვგეგმავთ აქტიურობას. სამომავლო გეგმებს შორისაა ინოვაციური სერვისების დანერგვა, რომელიც ამ დიდი სექტორის ყველა რგოლს კავშირს გაუმარტივებს. სიმარტივე და ამავე დროს სისწრაფე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მომსახურების სექტორის კარგად მუშაობისთვის. ხშირად ხდება, რომ კომპანიას უკავშირდები და პასუხსაც ვერ იღებ, არათუ მომსახურებას“, - ამბობს საქმიანი ქალბატონი და აღნიშნავს, რომ მთავარია კარგი ურთიერთობა პარტნიორებთან, რაც დეფიციტურია.
„ავტობასი“ საკუთარი ავტოპარკის შექმნამდე, კონტრაქტორებთან პარტნიორობით მუშაობს და საკმაოდ მრავალრიცხოვანი პარკის მართვას ახდენს.
„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს პარტნიორებს და მათ სტუმრებს შევუქმნათ მხოლოდ დადებითი ემოცია. ვიყოთ მოქნილები და ინოვაციურები. დღეს მოთხოვნა „კარგ მიწოდებას“ აღემატება, ამიტომ ვფიქრობ, განვითარებისთვის დიდი სივრცეა. წელს, რამდენიმე ახალ შეთავაზებას გამოვიტანთ ბაზარზე, მათ შორის, გვექნება "დახვედრების ორგანიზება" და გიდების მომსახურება. გიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა, რომელიც უქმნის სტუმარს ქვეყანაზე წარმოდგენას და შეუძლია მისი განწყობების ფორმირება, ამიტომ ამ მიმართულებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ასევე ტურისტების რაოდენობის გაზრდასთან ერთად უნდა იზრდებოდეს და ახალ საფეხურზე ადიოდეს თითოეული მომსახურება. აქ ჩამოსულ სტუმარს, დახვედრისთანავე უნდა შევუქმნათ შესაბამისი განწყობა. ზუსტად ამ იდეით დაარსდა კომპანია „ავტობასიც“ - ამბობს ნატალია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss