| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავტობანზე, სამტრედია - გრიგოლეთის გზის მშენებლობა ისევ გაჭიანურებულია.
პირველი მონაკვეთი ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში უნდა გახსნილიყო, თუმცა ტენდერით შერჩეული უკრაინული კომპანია Road Building ALTCOM „გაუჩნარდა“, წინასწარ აღებულ 47 მილიონთან ერთად. სახელმწიფომ ამ თანხის დაბრუნება ამ დრომდე ვერ შეძლო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პირველ მონაკვეთზე ამ ეტაპზე, დარჩენილ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
სამუშაოები მიმდინარეობს მეორე და მეოთხე მონაკვეთებზეც, თუმცა, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენით.
უწყების ცნობით, კონტრაქტორ ორგანიზაციებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას დაშვებულ ხარვეზებზე მითითება მიეცათ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოსწორდეს
რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე სამუშაოებს:
სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთზე ამ დროისთვის, ყრილის მოწყობის, ხიდების მშენებლობისა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება არსებული ჯდენების მონიტორინგი.
მე-4 მონაკვეთზე კი, ყრილის მოწყობის, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, ჯდენების დასაჩქარებლად ხდება დამატებითი მასალის შეტანა.
სამინისტროში იმასაც განმარტავენ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტზე, პრობლემა, რომელიც მოსახლეობას შეექმნა გზის მშენებლობის გამო აღმოფხვრილია, მოეწყო დროებითი გადასასვლელები საქონლის გადასარეკად, დროებითი გადასასვლელებით სარგებლობის საშუალება მოსახლეობას პროექტის დასრულებამდე ექნება.
,,სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მშენებლობის მონიტორინგს, კონტრაქტორ ორგანიზაციებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები და მითითებები სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და ტემპზე. გზის გარკვეული მონაკვეთები დაკვირვების რეჟიმშია და როდესაც შეწყდება გეოლოგიური კვლევის პროცესი, შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. ეს პროექტი, სამწუხაროდ, რამდენჯერმე უკვე გადავადდა, წელსაც ის გეგმა, რომელიც გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული ამ გზის მონაკვეთზე ვერ შესრულდა, ობიექტური მიზეზების გამო, გადავადება, სავარაუდოდ, კიდევ არის მოსალოდნელი. დამოკიდებული ვართ გზის მდგომარეობაზე ე.წ. ჯდენებზე და იმის მიხედვით თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. დღეს, სადაც ეს შესაძლებელია სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზა“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამუშაოების მონახულებისას.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა საერთაშორისო მნიშვნელობის დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის 51,5 კილომეტრიანი მონაკვეთია.
პირველი -11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას. სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველმაისსა და გაუწყინარ გაივლის.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 76 სწორკუთხა მილის მშენებლობას ითვალისწინებს. სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
გზის მე-3 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.
მე-4 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4 ზოლიანია სფალტ–ბეტონის გზის, 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, 42 რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. მე–4 მონაკვეთი გადის ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფ. სუფსის გარკვეულ ნაწილს ჩრდილოეთის მხარეს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss